გამარჯვებული მეამბოხე 2015-10-09 11:24:24


საქართველოს ნაკრებმა ქართული რაგბის ისტორიაში ახალი წარმატებული ფურცელი ჩაწერა.

წლევანდელ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებს ერთი დიდი მიზანი ჰქონდა  - არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგის ჩვენება, რაც გამოიხატებოდა ორი მატჩის მოგებაში, ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებასა და მომდევნო მსოფლიო თასზე პირდაპირ მოხვედრაში.

მისია შესრულებულია - ტონგისა და ნამიბიის დამარცხებით ბორჯღალოსნებმა C ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და როგორც პლანეტის 12 უძლიერესი გუნდი, 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ყოველგვარი შესარჩევი ტურნირის გარეშე ითამაშებენ.

მაგრამ, ამ შედეგს სატურნიროზე მეტად, სხვა მხრივ აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა. საქართველოს უნდა  დაემტკიცებინა სარაგბო სამყაროსთვის, რომ „უმაღლეს ლიგაში“ თამაშს იმსახურებს და მან ეს გააკეთა. გააკეთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ბოლო მატჩის ირლანდიელი მსაჯისა თუ მისი მსოფლმხედველობის მიმდევართა მხრიდან და ამდენად, მიღწეული ამად არის ორმაგად შესარგი. ძნელად თუ ვინმე მოიძებნოს, რომელიც ამას არ დაინახავს და არ აღიარებს. ჩვენი რაგბის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი გარემო. არსებობს მინიმალური დონე, რომლის მიუღწევლობის შემთხვევაში ტოლსწორად არავინ დაგელაპარაკება. „ბორჯღალოსნებმა“ ეს დონე დიდი ხნის წინათ გადალახეს და წლიდან წლამდე პროგრესირებენ, მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლემა იჩენს თავს - ძლიერ გუნდებთან უთამაშებლობა გარკვეული პერიოდის მერე წინსვლას აფერხებს. აშკარაა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, რაგბი გლობალური უნდა გახდეს და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარიც გაიხსნას. ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, თავად ამ სპორტის განვითარებისთვისაა ეს აუცილებელი. გაჩნდა პეტიცია „ექვსი ერის“ „შვიდ ერად“ გადაკეთების მოთხოვნით. ფრანგულმა „ეკიპმა“ გამოკითხვაც მოაწყო მკითხველებს შორის, იმსახურებს თუ არა საქართველო „შვიდ ერში“ თამაშს და გამაოგნებელი შედეგიც მიიღო - აბსოლუტური უმრავლესობა ამის მომხრეა. გარდა ამისა, უკვე არაბუნებრივად ჩანს უარი ასეთ გუნდთან თამაშზე სხვადასხვათა, მაგალითად შოტლანდიის ან თუნდაც იმავე ინგლისის მხრიდან. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო სარაგბო სამყაროში პატარა გადატრიალების მოთავეა და სხვა გუნდების (პირველ რიგში რუმინეთი) მხრის აბმის შემთხვევაში, ბრიტანელთა „ბატონობა“ ახლო მომავალში უნდა დაემხოს. 

მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა კიდევ ერთი მძლავრი ბიძგი უნდა გახდეს ქართული რაგბის აღიარებისა და წინსვლისთვის. 2016 წლიდან „მსოფლიო რაგბისგან“ გაიზრდება დაფინანსება, რაც მომავალი მორაგბეების სწავლა-განვითარებას  მოხმარდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნაკრები 1-2 ტესტს ითამაშებს „სასურველ“ მეტოქესთან და მომავალ მსოფლიო თასამდე, ეგებ „ექვსი ერის“ კარიც შევაღოთ.   

 

 



პაატა თოთაძე