ვითა დაბრუნდა 2015-10-15 06:54:41


ვითა დაბრუნდა

და საქართველოს საერთაშორისო საკლუბო კალათბურთიც დაუბრუნა

ორწლიანი შესვენების შემდეგ, თბილისს საერთაშორისო საკლუბო კალათბურთი დაუბრუნდა. დიდი ხნის წინათ დაშლილი და წლეულს აღდგენილი "ვითა"VTB ლიგაში ჩაერთო და კალათბურთის მოყვარულებს თბილისში სულ მცირე 15, საერთო ჯამში კი, 30 საინტერესო თამაშის  ხილვის საშუალება მოგვცა.

ნებისმიერი სპორტსმენისა თუ გუნდის წინსვლის ქვაკუთხედი საერთაშორისო სარბიელზე რეგულარული ასპარეზობაა. შესაბამისად ის 30 მატჩი ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს დიდ გამოცდილებას შესძენს და კლასს აუმაღლებს. VTB ლიგის დონე კი მისი მონაწილეებით განისაზღვრება - რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთისა და ჩეხეთის ჩემპიონები, პლუს რუსეთის 8 გუნდი, რომელთაგან სულ მცირე სამს ცსკა-ს ჰეგემონიის დამხობა სურს. მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მაღალი დონის ტურნირია.

ახალშექმნილი გუნდისთვის პირველ ეტაპზე მთავარი ტურნირში მონაწილეობა,  გამოცდილების მიღება, კლასის ამაღლება და კარგი კალათბურთის თამაშია, მოგებების თვლას არავინ აპირებს. თუმცა მარტო ოლიმპიური სულისკვეთება რომ არ ყოფილიყო გუნდში და ასევე, წინსვლის დაჩქარებისთვის, ლეგიონერების მოწვევა გახდა აუცილებელი. ამერიკელები - ჰენრი, კარტერი, ტერნერი; უკრაინელები - ანიკიენკო და ლიპოვი,მაისურაძის, ჩლაიძის, შენგელიას, ბითაძის, ბერიშვილის, ბოქოლიშვილისა და რევაზაშვილის მხარდამხარ ითამაშებენ. ამერიკელები კოლეჯელები არიან, იქიდანვეა შენგელიაც. 218 სმ სიმაღლის ანიკიენკო ერთ დროს კიევის "ბუდიველნიკის" ღირსებას იცავდა, "დონეცკიდანაა"  ლიპოვი. ეხლა ამას დაუმატეთ საქართველოს ნაკრების კანდიდატები; უაღრესად ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდები; ასევე საკმაოდ გამოცდილი და განსწავლული მწვრთნელი პაველ გოოგე და მივიღებთ კარგ გუნდს, რომელსაც შედეგის მისაღწევად და იმ კალათბურთის სათამაშოდ, რომლის ხილვაც გვსურს, სჭირდება დრო.

"ჩვენ ეხლა მზადების საწყის ეტაპზე ვართ", - გვეუბნება მწვრთნელი ლიგაზე მეორე მატჩის შემდეგ - "ერთი თვის შეკრებილები ვართ, ბიჭები ფიზიკურად და ტაქტიკურად ძალიან სუსტად გამოიყურებიან. სასურველ მინიმუმამდე მისაღწევად სულ მცირე ერთი თვე გვჭირდება". ეს მატჩი "ვითამ" წააგო მოსკოვის ცსკასთან, ევროპის ერთერთ საუკეთესო კლუბთან. მანამდე ქართველები ასევე რუსულ "კრასნი ოქტიაბრთან" დამარცხდნენ, მაგრამ მეორე მატჩში  გამოჩნდა პროგრესი თამაშში, რომელიც მომავლის იმედს იძლევა. ნოემბრის ბოლომდე "ვითას" რვა მატჩი აქვს ჩასატარებელი და დიდი იმედი გვაქვს, შემოდგომის ბოლოს აქტივში სულ მცირე ერთი მოგება ექნება.



პაატა თოთაძე