ქართული გალერეები ახალ სიმაღლეზე 2016-09-29 08:02:22


ბესო უზნაძე - “დედაჩემის სურნელოვანი ბაღი“

ლონდონში, სააჩის გალერეამ წლეულს ოთხი დღით (15–18 სექტემბრი)  დაუთმო თავისი დარბაზები საერთაშორისო არტბაზრობა START–ს, რომელიც უკვე მესამედ გაიმართა. ამჯერად მასში სამოცდაათი გალერეა მონაწილეობდა ორმოცამდე ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი START- წინა ორ ბაზრობასთან შედარებით უფრო წარმომადგენლობითიც იყო და გაცილებით ხარისხიანი არტითაც იპყრობდა ყურადღებას. აშკარად იგრძნობა, რომ წლებთან ერთად იზრდება მისი მიმზიდველობა და გავლენა.

შარშან ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ამ არტბაზრობაზე ქართული გალერიის „Project ArtBeat“–ის მონაწილეობის ფაქტი. წლეულს კი იგივე გალერეასთან ერთად, მასზე მეორე ქართული გალერეა „TNN“–ც ვიხილეთ, რაც მართლად შესამჩნევი და დასაფასებელი ამბავია. მსგავსი არტ ბაზრობები და არტ ფორუმები ხომ  საუკეთესო საშუალებაა შენი ქვეყნის კულტურა წარუდგინო და დაამახსოვრო  ფართო საზოგადოებას, რომელიც მთელი მსოფლიოდან ჩამოდის.

Project ArtBeat-მა(დირექტორები ნათია ბუკია, ნათია ჩხარტიშვილი, სალომე ვახანია) თავისი სივრცე ამჯერად ერთ მხატვარს ბესო უზნაძეს დაუთმო და მისი ათი ნამუშევარი აჩვენა. მიმაჩნია, რომ სრულიად გაამართლა ამ არჩევანმა. რადგან თუკი რამე იყო დასამახსოვრებელი  წინამდებარე არტბაზრობიდან, შეუძლებელი იყო განსაკუთრებული ყურადღება არ მიექცია ქართველი მხატვრის ნატურმორტებს, რომლებსაც საერთო სახელწოდება “დედაჩემის სურნელოვანი ბაღი“ აერთიანებს. ეს არის უაღრესად ესთეტური და ამასთან ღრმა სურათები, რომლებიც სევდიან და მიუწვდომლად მშვენიერებაზე ფერწერის ენით გვესაუბრება. მთავარი ღირსება კი ბესო უზნაძის ხელოვნებისა ის გახლავთ, რომ დიდი ტკივილის მიუხედავად ეს ტილოები დამთრგუნველი და დეპრესიული მაინც არ არის. მათში ადამიანად ყოფნის ნათელი სევდა მძლავრობს და ერთგვარად შვების მომგვრელი თერაპიის ეფექტი გააჩნია. იგი ქმნის ცოცხალ და მოქმედ ხელოვნებას, რომელიც მუდამ ააღელვებს ადამიანებს...

 

ბესო უზნაძეს აქამდე ფოტოგრაფიის ოსტატად ვიცნობდით. მას არაერთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში მოუპოვებია გამარჯვება. როგორც გალერისტ სალომე ვახანიასგან შევიტყვე, ეს არის მისი პირველი ცდა ფერწერაში...ვთვლი, რომ ეს ავტორი არის გალერიის ნამდვილი აღმოჩენა, რომელიც აჩენს მძაფრ ინტერესს თუ როგორ განვითარდება ბესო უზნაძის, როგორც ფერმწერის გზა. 

მისასალმებელია, რომ TNN გალერია(დირექტორი ნატია ლოლაძე) ასე აქტიურად ლამობს დამკვიდრებას ლონდონის არტსივრცეში. აპრილში იგი ლონდონის ოლიმპიაში გამართულ ART16–ში მონაწილეობდა. ამჯერად კი სააჩის გალერეაში წარმოადგინა ორი შესანიშნავი ქართველი მხატვრი ანდრო სემეიკო და ლევან სონღულაშვილი. ვინც ამ ავტორებს გაეცნობა ყველა ირწმუნებს მათ ნიჭიერებას. ის კი ვინც მათი ნამუშევრების მფლობელი გახდება, უდაოდ ღირებული არტით გაამდიდრებს თავის კოლექციას.

ქართული გალერეების ჩართვა საერთაშორისო ართფორუმებზე არის ძალზე სასურველი ფაქტი, რითაც ჩანს, რომ ჩვენში თანამედროვე ხელოვნება ცოცხლობს და ვითარდება. ჩვენს მხატვრებს ნამდვილად გააჩნიათ იმის პოტენციალი, რომ შესამჩნევი ადგილი მოიპოვონ ამ მრავალფეროვნებაში. ცალკეულ ქართველ მხატვრებს ხშირად შეხვდებით მსგავს არტბაზრობებსა და ფორუმებზე, მაგრამ ძირითადად უცხოური გალერეების სახელით. დროა, ჩვენი გალერეებმა ამ მხრივ საკუთარი სიტყვა უფრო ხმამაღლა თქვან. წინამდებარე ორ გალერეას ნამდვილად შესწევს ძალა თავისი ნიჭიერი მხატვრებით ამას მიაღწიოს.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრომ, რომელიც ბევრ საჭირო და სასარგებლო პროექტს ახორციელებს, დიდად შეუწყო ხელი აღნიშნულ გალერეებს მონაწილეობა მიიეღოთ ლონდონის წლევანდელ START–ში. სწორეთ სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა მათი ჩამოსვლა და ქართული არტის ჩვენება. იმედი უნდა ვიქონით, რომ ეს პროცესი ჯანსაღ გაგრძელებას პოვებს, რაც ამ გალერეებს ბუნებრივად აიყვანს ახალ სიმაღლეზე...

უახლოეს მომავალში ამ უნარიანი და მიზანდასახული გალერისტების მეშვეობით შესძლებელი გახდება ქართველი არტისტების ჩართვა უკვე უმაღლესი კატეგორიის არტბაზრობებზე, როგორიც გახლავთ: არტბაზელი, ლონდონის არტ ფრიზი, პარიზის ფიაკი, არტმაიამი... სამიზნე ეს უნდა გახდეს. ამგვარი აქტივობა, საქართველოს როგორც ქვეყანას, ძალიან სჭირდება, ეს განსაკუთრებით ახალგაზარდა თაობისთვის არის  მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი, ჩვენ ამით ქვეყნის მომავალს ვეხმარებით.

      



გიორგი ლალიაშვილი