„სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი მეგაპროექტი განხორციელდება“ 2016-10-01 09:18:27


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სუფსაში ქართულ-ირანული კომპანიის GEOPARS-ის მიერ მეგა ენერგეტიკული პროექტი განხორციელდება.

საპრივატიზებო ხელშეკრულების თანახმად, GEOPARS-ს სოფელ სუფსაში მდებარე 939098 კვ.მ. და 390161 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრებაში საინვესტიციო პირობებით გადაეცა. კომპანიამ ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც 20 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„ეს არის საქართველოში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი მაგალითი. ინვესტორების მიერ მიღებული ასეთი გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემოს და სწორი ეკონომიკური კურსის დადასტურებაა. ასევე ეს არის საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, - განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა.

ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროექტში მნიშვნელოვანია ირანული მხარის მონაწილეობა.

„ის არის ნავთობის მფლობელი მხარე. თუკი ადრე მუდმივად იყო კითხვები, რომ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების შემთხვევაში, საიდან იქნებოდა მოწოდებული ნავთობი, ასეთი კითხვები დღევანდელი პროექტის მიხედვით იხსნება. ირანული მხარე არის როგორც ინვესტორი, ასევე იმ რესურსის მომწოდებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განხორციელებამდე “GEOPARS”-მა უნდა უზრუნველყოს პროექტის სრული ტექნიკური და ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის, მათ შორის გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური გავლენის შეფასების (ESIA) განხორციელება. კვლევის შედეგები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებს და უნდა გამოირიცხოს საწარმოს მშენებლობის დროს გარემოზე შესაძლო ყოველგვარი მავნე ზემოქმედება. ასევე დაცული უნდა იყოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენობლობის დროს შემოთავაზებული ტექნოლოგიის უსაფრთხოება ქარხნის ოპერირების პროცესში. ნავთობგადამამუშვებელი ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს „ევრო 5“-ის სტანდარტს.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „GEOPARS”-ი განახორციელებს მეგა საინვესტიციო პროექტს შავი ზღვის საქართველოს სანაპირო არეალში. პროექტი ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ესენია: ბიტუმის საწარმო, ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, პეტროქიმიის საწარმო და ლოგისტიკური ცენტრი.

პროექტის განხორციელების შედეგად, 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

საწარმოები იმუშავებენ ირანულ ნედლეულზე, რომელსაც მიიღებენ კონკურენტულ ფასში. პროექტის ლოგისტიკური პარტნიორი იქნება „ირანის ნაციონალური სატანკერო კომპანია. პროექტის სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 1.5 მლრდ აშშ დოლარია.

წყარო