სასწაულების დანახვის ნიჭი 2017-05-29 18:38:27


ნანა ღვინეფაძე

30 მაისს დაბადების დღე აქვს გამოჩენილ პოეტსა და ჟურნლისტს ქალბატონ ნანა ღვინეფაძეს! იგი უკვე შვიდი ათეული წელიწადია თავისი კურთხეული ნიჭით ქართული სულიერების სამსახურშია ჩამდგარი და ისეთი უხვი და ღირებულია ეს მოსავალი, რომლიც მუდამ ფასეული იქნება და მეტ წონას შეიძენს შთამომავლობის თვალში.

იგი როგორც პოეტი, თეატრმცოდნე, ჟურნალისტი და მთარგმნელი სრულიად გამორჩეული და უნატიფესი მოვლენაა, ვისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა და შემეცნება შეუძლია მის კვალზე მავალ მომავალ ხელოვანთ და სიტყვიერების მსახურთ.

ქართულ პოეზიას ნანა ღვინეფაძის სახით ჰყავს სიტყვის ნამდვილი მისანი, ვისი ათეულობით ლექსი ქართული პოეზიის ყველაზე მკაცრად შერჩეულ ანთოლოგიაშიც ჰპოვებს საპატიო ადგილს! მე ახლა აქ არ შევუდგები მის პოეზიაზე საუბარს. იგი არის უხვი და ამოუწურავი საგანძური, რომელსაც სულის საგზლად და სალბუნად შერაცხავს ქართული ლექსის ჭეშმარიტად მცოდნე და დამფასებელი საზოგადოება! იგი უკვე წარმოადგენს ჩვენს კლასიკას და თაობათა გულსა და ყურს თავისი მუსიკით მუდამ დაატყვევებს!

ქალბატონი ნანა ღვინეფაძე გახლავთ პოეტთა და მხატვართა მუზა. არცერთი ქართველი პოეტი ამდენჯერ არ აუმეტყველებიათ ფუნჯით და არავისთვის უძღვნიათ იმდენი პოეტური სტრიქონი, რამდენიც მას მიაგეს..

ნანა ღვინეფაძე არის ხვავრიელი და სიტყვის უნატიფესად გამომთქმელი ჟურნალისტი, რომელიც აგერ უკვე ლამის 70 წელიწადია შთაგონებით ემსახურება ქართულ კულტურას და ამ ხნის განავლობაში არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა თუ მოღვაწე არ დარჩენილა მისი ყურდღების მიღმა. იგი გახლავთ განვლილი ათწლეულების პირუთვნელი მემატიანე და სიტყვით მოქანდაკე. ქალბატონი ნანას პუბლიცისტურ ნაწერს უკეთეს შედარებას ვერ მიუსადგებ! მისეული სიტყვების ბგერწერა უნიკალური და უმალ საცნობია. მან ქართულ ჟურნალისტიკაში მოჭრა თავისი ავტონომიური მონეტა, რომელიც  ელვარებას დროთა სრბოლაშიც შეინარჩუნებს.

ნანა ღვინეფაძეს დიდი ხანია გამოსაცემად აქვს შეკონილი თავისი პუბლიკაციების კრებული "ცოცხალი და რესტავრირებული პორტრეტები", რომელიც ათას გვერდზე მეტს მოიცავს. დასანანია, რომ დღემდე ვერ მოხერხდა ამ ეპოქალური წიგნის დაბეჭდვა. სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს გემოვნების დასახვეწად და ქართული სიტყვირების უკიდეგანო სიმდიდრის შესაცნობად ძნელად რომ რომელიმე სახელმძღვანელომ მსგავსი სამსახური გაუწიოს?! ამიტომ მათ, ვისაც ჩვენში მომავალი ჟურნალისტების აღზრდა ევლება, ამაზე უკეთესს პროექტს ვერ განახორციელებს.

ნანა ღვინეფაძის ეს მონუმენტური შრომა არის თვალცხადი ნიმუში იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილად მოქმედი და ყავლგაუვალი ჟურნალისტიკა!                                 

მინდა გულითადად მივულოცო ქალბატონ ნანას დაბდების დღე და ვუსურვო არასოდეს მოკლებოდეს მუზის უხვი ამბორი! იგი სასწაულების დანახვის ნიჭით დააჯილდოვა განგებამ და ვისურვებდი სათანადოდ იქნას ეს აღქმული და დაფასებული მის თანამედროვეთა მიერ.   



გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან