მთავარია, რით ამდიდრებ ხელოვნებას?! 2018-07-31 06:57:19


ვისი სტუდენტობაც მეოცე საუკუნის 80–იან წლებს დაემთხვა, ეს იყო ყველაზე მოსაწყენი ეპოქა ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში.

მაშინდელ საქართველოში ჩვენ პირველ საგნებად გვიკითხავდნენ პარტისტორიას, მეცნიერულ კომუნიზმს და პოლიტიკურ ეკონომიას. ეს გახლდათ ყველაზე საძულველი საგნები, არადა რამდენი დრო დაგვიკარგავს ბიბლიოთეკებში მათ კონსპექტირებაზე, რათა როგორმე გამოცდა ჩაგვებარებინა... თითქოს ბედნიერების საშვს ეს გვიქადდა ცხოვრებაში?! კიდევ კარგი, სპეციალურ საგნებსაც გავდიოდით და სულს იმით ვითქვამდით...

ვცხოვრობდით ამ ტოტალური სიყალბის ჭაობში, თავისუფლად სუნთქვაც კი ჭირდა და ამ დროს მხსნელად დიდი ქართული ლიტერატურა და რუსთაველის თეატრი გვეგულებოდა. იქ ვნახულობდით: „რიჩარდ მესამეს“, „კავკასიური ცარცის წრეს“, „ლურჯ ცხენებს წითელ ბალახზე“, „ამჰერსტის მშვენებას“ და ჩვენ ამით პარალელურ საქართველოში ვხვდებიდით. 

ჩვენი ლექტორები კომუნიზმის დიდ სიკეთეზე გვესაუბრებოდნენ, ისინი ბრეჟნევს და პოლიტბიუროს ყველაზე უმწიკვლო, სამართლიან და მზრუნველ ადამიანებად გვისახავდნენ. რასაც გვიქადაგებდნენ, მათ გულწრფელად სჯეროდათ და ჩვენც გვაწამებდნენ, სანამ არ დავიზუთხავდით ამ უთავბოლო თეზისებს. 

ეს იყო ყველაზე მწვალებლური ხანა ჩემს ცხოვრებაში და ალბათ ასევე უღიმღამოდ გაგრძელდებოდა იგი, რომ არ ყოფილიყო მსოფლიო კინემატოგრაფის საუკეთესო ნიმუშების ჩვენება კინოს სახლში(თუმცა, დაგვიანებით გაზიარებული, მაგრამ ძალიან ფასეული) და რაც მთავარია, ქართული კლასიკური მწერლობა და რობერტ სტურუას თეატრი. მაშინ, როცა ჩვენი ლექტორები ჯიუტად გვარწმუნებდნენ საბჭოეთის ურყევობაში, იმ საღამოს მიხვიდოდი სტურუას სპექტაკლებზე, სადაც ხედავდი ჭოჭინით მოსიარულე, მოფამფალებული ბრეჟნევის პროტოტიპს, ან კიდევ ლენინს თავზე ცივ წყალს გადაასხამდნენ. რა უსაგნო და უღიმღამო იქნებოდა ჩვენი ყოფნა რობერტ სტურუას თეატრალური მისტიფიკაციების გარეშე?

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, სტურუამ თავის ბიოგრაფიაში ასზე მეტი სპექტაკლი მიითვალა და მასზე როგორც ხელოვანსა და პიროვნებაზე კამათი არასოდეს შეწყვეტილა. თეატრში მას გურამ საღარაძემ თავისი დესპოტური პროფესიის გამოისობით „ადოლფ ბერსარიონოვიჩ ბერია“  შეარქვა და სხვებისგანაც ხშირად მოგვისმენია საუბარი მის დიქტატორულ ხასიათზე, მაგრამ ვის უნახავს იოლად ასატანი დიდი ადამიანები?

სტურუა დღემდე რჩება ყველაზე თამამ და ახალგაზრდა რეჟისორად, 80 წლის ასაკშიც გაუნელებელ ინტერესს რომ აჩენს საზოგადოებაში, თუ რას დასტრიალებს მისი ფიქრი?  იმიტომ რომ მუდამ ღირებულს და თანამედროვეს ქმის, თორემ რატომ სხვებზე არ კამათობენ ამდენს? ამ მხრივ მე იგი ტოლსტოის მაგონებს. ხელოვნების ისტორიისთვის ყოფით ამბებს ხომ გადამყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, მთავარია, რით ამდიდრებ თვით ხელოვნებას? რობერტ სტურუა თეატრის დიდ და ბოლომდე შეუცნობელ პოეტად გვევლინება...

მართალია, ორმოცი წლის წინათ  კომუნისტურ საქართველოში ვცხოვრობდით, მაგრამ მისი სპექტაკლებს სხვა განზომილებაში გადავყავდით. ჩემთვის და ბევრისთვის „პერესტროიკა“ ამ სპექტაკლებით დაიწყო. ისინი აჩენდა იმედს და ნუგეშს, რომ სამარადისო არაფერია. მისმა „მეფე ლირმა“ კი პირდაპირ იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დამხობა და ეს ხდებოდა თენგიზ აბულაძის და ელდარ შენგელაიას ცნობილ ფილმებამდე. 

რობერტ სტურუამ თავისი ესთეტიკით მოიტანა ის შოკი, რაც ჩვენ მანამდე არ განგვიცდია. წიგნებში ამომიკითხავს, რომ მარჯანიშვილისა და ახმეტელის სპექტაკლებს გააჩნდა ასეთი თავზარდამცემი ძალა. მე კი სტურუამ მომგვარა ეს შოკი, რაც დღემდე უძლიერეს შთაბეჭდილებად მომყვება. „რიჩარდ მესამე“ კი ჩემთვის დღემდე დაუჩრდილავ თეატრალურ სიმაღლედ რჩება.

თეატრის რეჟისორი ბევრია საქართველოში და ყველას აქვს რაღაც საერთო, ისინი დაახლოებით ერთნაირ, მეტნაკლებად წარმატებულ სპექტაკლებს დგამენ. აი სტურუას კი ვერ ჩასვამ ვერცერთ შკალაში, ის უშკალო და უჩარჩოო ხელოვანია. მინდა, მადლობა ვუთხრა მას „აღთქმული სამოთხის“ გაუსაძლის ყოფაში რომ სარკმელის გვიღებდა და „მეორე სუნთქვას“ გვიხსნიდა, ის წინასწარმეტყველის გუმანით დააჯილდოვა განგებამ!

ეს კაცი გვისახავდა იმედს, რომ არსებობს სხვა სამყაროც და რომ შეუძლებელია არ დასრულდეს მარადული წყვდიადი, რაც კომუნისტებმა მოგვისაჯეს და რაც უმეტესობას უსასრულო ეგონა. სტურუამ იგრძნო ამ მითის სიმყიფე, მას მყარად სწამდა, რომ  ადამინის სული თავისუფლებისთვის არის შობილი და მას ვერანაირი ხუნდებით ვერ დაატყვევებ. 

თუკი, დიდ პოლიტიკაში „პერესტროიკის“ შემოქმედად გორბაჩოვი მიიჩნევა, მანამდე საქართველოში ასეთი პროცესი თავისი თეატრით რობერტ სტურუამ დაიწყო, რაზეც 1980 წელს პირველად დიდ ბრიტანეთში ალაპარაკდნენ. ახალა კი, როცა ლონდონში რაუნდჰაუსის თეატრის შენობას ჩავუვლი, სულ რობერტ სტურუა მაგონდება, კაცი რომელმაც მსოფლიო თეატრალურ რუკაზე საქართველო ასე მკაფიოდ დაამკვიდრა. 

საერთოდაც საქართველოში თეატრალური ხელოვნების დიდ პოპულარობას, ორი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, ამდენი რეჟისორისა და თეატრის არსებობას რობერტ სტურუას ფაქტორი ბევრწილად განაპირობებს. 

რეჟისორის პროფესია საკმაოდ უმადური საქმეც არის, როლები მუდამ შეზღუდულია და მათი შესრულების მსურველი კი გაცილებით მეტი. ამის გამო მან უეჭველად ბევრს ატკინა გული, მაგრამ ტკივილების და მსხვერპლის გარეშე დიდი ხელოვნების დაბადება სად თქმულა? სამაგიეროდ მოგებული დარჩა მისი უდიდებულესობა თეატრი და ეს  გადასწონის მისი, როგორც „რეჟისორი–დიქტატორის“ ყველა ცოდვას!

 

 

 

                                               



გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან