„დამპირდით, რომ თქვენს ფესტივალზე გაისადაც მომიწვევთ“ 2018-08-01 07:16:11


ლონდონის ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს მეგობრები გაერთიანებულ სამეფოში წლეულს მეორედ გახდნენ მოწმე გამორჩეული მუსიკალური ზეიმისა „საზაფხულო სიმღერის ფესტივალი ქეთი მელუასთან ერთად“. 

პირველი ქართული საკვირაო სკოლის დირექტორის ლიანა ჯიქია–გოგრიჭიანის მიერ დაფუძნებულმა ფესტივალმა იმთავითვე პოვა მოწონება, რადგან მისი სახით პატივსცემას გამოვხატავთ არა მხოლოდ ჩვენი საამაყო მომღერლის მიმართ, არამედ ეს არის შესანიშნავი პლატფორმა ქართული კულტურის უკეთ გასაცნობად უცხოეთში.

ლონდონში ასზე მეტი ქვეყნის დიასპორა მაინც იქნება, მაგრამ ცოტა ვინმე თუ შეძლებს ასეთი მასშტაბური და ინტერნაციონალური ფესტივალის გამართვას. ქეთი მელუას ფაქტორი გვაძლევს ამგვარი ფუფუნების საშუალებას და ეს უპირატესობა ისევ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოდ უნდა იქნეს გამოყენებული.

წლეულს ფესტივალი კიდევ უფრო წარმომადგენლობითი გახდა და მის ვოკალურ და ქორეოგრაფიულ შესრულებაში ორმოცდაათზე მეტი მონაწილე იყო ჩართული. მათი მუსიკალური და სცენური მომზადებისთვის დიდი შრომა გასწიეს შემოქმედებითი სტუდია „გონიერის“ დამაარსებელმა, ფესტივალის მუსიკალურმა დირექტორმა თამარ ვეფხვაძემ, სიმღერის მასწავლებელმა ნინო ბაზერაშვილმა და ქორეოგრაფილი ანსამბლის „ფესვების“ დირექტორმა შალვა ქავთარაძემ.

მოგეხსენებათ, ვოკალურ მხარესთან ერთად არანაკლები ყურადღება სჭირდება აუდიტორიის წინაშე მონაწილეთა წარდგომას და სათანადო სცენური მოძრაობის დამუშავებას, რაც კარგად იგრძნობოდა თვითოეული მათგანის გამოსვლაში. ჩანდა, რომ ქეთი მელუას სიმღერებს ისინი დიდი პასუხისმგებლობით მოკიდებიან და მათი მუსიკალური მშვენიერების გადმოსაცემად თავიაანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს.

მათი მოსმენისას თვით ქეთი მელუას სახეს ეფინა სიამოვნების ღიმილი. მონაწილეთა გაერთიანებულ გუნდთან ერთად მან ორჯერ იმღერა, ბოლოს კი სამადლობელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მისთვის „გასახარია ახალი თაობის ასეთი დაინტერესება სასიმღერო ჟანრით, მათი ნიჭიერება უდავოა და ეს არაერთხელ გამოჩნდება მომავალშიც. საზაფხულო სიმღერის ფესტივალი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს უფრო დაუახლოვდნენ მუსიკის სამყაროს, რომელსაც შეუძლია კეთილმყოფელი გავლენის მოხდინოს მათი სულერებისა და ინტელექტის ასამაღლებლად. გარდა ამისა, საქართველოთი დაინტერესებულ უცხოელებს შეუძლიათ ამ ფესტივალზე სიმღერასათან ერთად საქართველო სხვა მხრივაც აღმოაჩინონ. ქალბატონი ლიანა ჯიქია–გოგრიჭიანის ორგანიზატორული და შემოქმედებითი დიაპაზონი კი მართლაც ამოუწურავია, რითაც იგი ყველა ჩვენგანის აღფრთოვანებას და დიდ პატივისცემას იმსახურებს“–ამბობს ქეთი მელუა.

ჩემთან საუბარში კი ლია ჯიქია–გოგრიჭიანმა აღნიშნა: „ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ირგვლივ ასეთი ახალგაზრდული ენთუზიაზმით აღსავსე და ნიჭიერი ადამიანები არიან. მარტო მე ვერაფერს გავხდებოდი ინდივიდუალური სპონსორებისა და მშობელთა უერთგულესი არმიის გარეშე და ესენი გახლავთ: ლაშა ეგნატაშვილი, როზეტა ჩარგაზია, ანა თბილელი, ზაზა ფულარიანი, ცირა კემულარია, თეა კაციტაძე, თეონა ჭუმბურიძე, ვერო ბაზალე, ეკა კოქსი,  ქეთი ილურიძე, თიკო ქიქავა, ანა ნოზაძე, ნათია მაღრაძე, ზიზი თედელური, დავით დვალი, გიორგი სალაძე, მაკა ბაქრაძე, ირმა დარასელია. 

მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილს, რომელიც უკვე მეორედ მონაწილეობს აღნიშნულ ფესტივალში და მუდამ გვამხნევებს, რომ ამ მუსიკალური მოვლენით ქართული დიასპორისთვის, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის სასარგებლო საქმეს ვემსახურებით და ამ ფესტივალს უნდა ჰქონდეს საყოველთაო მხადაჭერა. ასევე ვემადლიერები ლონდონის სამეფო რაიონების კენსინგტონისა და ჩელსის ვიცე–მერს ჯერარდ ჰარგრეივს, რომელიც ასევე მეორედ სტუმრობს ნოტინგ ჰილის წმინდა იოანეს სახელობის ტაძარში გამართულ ფესტივალს“.

„საზაფხულო სიმღერის ფესტივალი ქეთი მელუასთან ერთად“ გამოირჩეოდა ორიგინალური დრამატურგიითა და შესანიშნავი წამყვანებით, რომლებიც საზეიმო ელფერს და მოუწყინარ ატმოსფეროს უნარჩუნებდნენ მთელი საღამოს მსვლელობას. დავით გიგაურის და ნანო ბაქრაძის გვერდით ამ ამპლუაში ასევე ვიხილეთ რვა წლის წამყვანები: ნიკოლოზ კარტოზია და ანასტასია ხაჩიძე, რომლებმაც მათზე დაკისრებულ ამოცანას ბრწყინვალედ გაართვეს თავი და მაყურებლის გულმხურვალე რეაქციაც სამართლიანად ერგოთ. 

სიმღერასთან ერთად ქართული ტრადიციებზე, კერძოდ ქართულ სუფრასა და ლხინზეც გაკეთდა აქცენტი. ფიროსმანის სურათი გააცოცხლეს ვაზის ხეივნის ძირში გაშლილ მაგიდასთან მსხდომმა ბავშვებმა: ალექსანდრე ფულარიანმა, გიორგი ყვავაძემ, ანანო დადალაურმა, ანრი ქიქავამ, სოფი კოქსმა, ნიკა დვალმა, ლიზი აბაშიძემ, ნანა მაღრაძემ. მათ თამადის ინსტიტუტი, ასევე ქართული ცეკვითა და სიმღერით გართობა წარმოუდგინეს აუდიტორიას.

ამ ცოცხალმა სურათმა განსაკუთრებით აღაფრთოვანა კენსინგტონისა და ჩელსის ვიცე–მერი: „ქართული სუფრის ტრადიციის გაცნობამ, რომელსაც მე შარშანდლიდან ვაკვირდები, მათთან ჩასვლა და ნამდვილ ქართულ ნადიმში ყოფნა მომანდომა. ამ ზაფხულს უკვე დავგეგმე, რომ გაისად აუცილებლად ვეწვიო ამ საოცრებათა ქვეყანას. მიხარია, რომ მეორე წელია თქვენი კულტურის ნაწილი ვარ. დამპირდით, რომ როდესაც ვიცე–მერი აღარ ვიქნები, მაშინაც მომიწვევთ თქვენს ფესტივალზე. მადლობას გიხდით ჩვენს რაიონში ასეთი გრანდიოზული და მასშტაბური ფესტივალის დაარსებისთვის. მიგულეთ თქვენს მეგობრად და თანამდგომად“.

წლეულს სპეციალურად დამზადდა საგანგებო შარფი, რომელზეც დატანილია ქეთი მელუას პორტრეტი და ფესტივალის ატრიბუტიკა, რომლის დიზაინი თამთა მოსულიშვილს, შესრულება კი შემოქმედებით ჯგუფ „ქუანთეს“ ეკუთვნის.

ფესტივალის დირქტორმა ლიანა ჯიქია–გოგრიჭიანმა მთხოვა აუცილებლად აღმენიშნა მშობლებისა და სხვა ინდივიდუალური სპონსორების დახმარებით ორგანიზებული სუფრა, რომელიც  ფესტივალის დამთავრების შემდეგ გაიმართა მოწვეული სტუმრებისთვის .

„საზაფხულო სიმღერის ფესტივალი ქეთი მელუასთან ერთად“ არის ძალზე სოლიდური და საპასუხისმგებლო მოვლენა ლონდონში და ცხადია, იგი  მარტო ენთუზიაზმით ვერ იარსებებს, მას ფინანსური უზრუნველყოფაც უნდა უმაგრებდეს წელს, რაც წლეულს უანგაროდ გაიღეს: ცირა კემულარიამ, რამაზ კარტოზიამ, ანნა და ვახტანგ გოგრიჭიანებმა, ლიანა ჯიქია–გოგრიჭიანმა. გულითადი მადლობა მათ ამ კეთილშობილი ჟესტისთვის და იმედია, მესამე ფესტივალს მთლად მათ საზრუნავად აღარ დავტოვებთ და ჩვენც გვერდით დავუდგებით. ეს ფესტივალი ჩვენი დიასპორის ნამდვილი მონაპოვარია და მისი დღეგრძელობით ლონდონში ყველა ქართველი უნდა იყოს დაინტერესებული.

                                                     

 

                                                           



გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან