გოდერძი ჩოხელი საკაცობრიო კულტურის განძია! 2018-09-03 09:07:44


ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წლეულს, სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარმდგარი საქართველო საერთაშორისო მკითხველს თექვსმეტსაუკუნოვანი მწერლობის საუკეთესო ნიმუშებს შესთავაზებს. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით საგანგებოდ ამ ფორუმისთვის ბევრი ქართველი ავტორი ითარგმნა და გამოიცა გერმანულ თუ ინგლისურ ენებზე. სასიამოვნოა, რომ მათ შორის მოხვდა გოდერძი ჩოხელის რომანი „წითელი მგელი“, რომელიც გერმანულმა გამომცემლობა „Frankfurter Verlagsanstalt’’-მა დაბეჭდა. თარგმანი ანასტასია ყამარაულს ეკუთვნის. 

გოდერძი ჩოხელი რომ ქართული სულიერი კულტურის განსაკუთრებული მოვლენაა, ამ აზრს დრო და ხანი სულ უფრო საჩინოს ხდის. აღნიშნული თარგმანი კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნობს მის სახელს და ერთიორად გააძლიერებს ინტერესს გოდერძი ჩოხელის ფენომენის მიმართ.

გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ საქართველო უკეთ აცნობიერებს გოდერძი ჩოხელის, როგორც ხელოვანისა და მოაზროვნის ღირებულებას. იგი თავისი წიგნებითა და ფილმებით დღესაც მოქმედია, რადგან რასაც ის თავის დროზე გვთავაზობდა, მარტო იმ ეპოქის კუთვნილებად ვერ ჩაითვლება. იგი დღესაც და მომავალშიც დასჭირდება ადამიანთა მოდგმას, სადაც ასე აღზევებულა სიძულვილი და დაუთმენლობა! ბოროტება მხოლოდ  სიყვარულით, მიტევებით, მადლის მოსხმით დაიძლევა – ასე სჯეროდა  გოდერძი ჩოხელს და თავისი სულის გამონაშუქით, სიტყვისა და კინემატოგრაფის ენით ამაზე ფიქრს ასწავლის კაცობრიობას.

ვერ ვიტყვით, რომ გოდერძი ჩოხელი არა ახსოვთ ან დაფასებული არ არის თავის ქვეყანაში. მასზე დაიწერა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, იმართება სამეცნიერო კონფერენციები, მარიამ ადამაშვილმა მას მიუძღვნა ფილმი „ცასწავალა“, კულტურის სამინისტროსა და ფონდ „კულტურათა დიალოგის“ თაოსნობით 2014 წელს დაარსდა მისი სახელობის ლიტერატურული კონკურში „ერთგულება“. ჩოხელის ნაწარმოებები მრავალგზის დაიბეჭდა ქართულად, ასევე ითარგმნა და გამოიცა რამდენმე უცხო ენაზე: რუსულად, იტალიურად, იაპონურად, ინგლისურად. ეს ყველაფერი დასაფასებელი და ანგარიშგასაწევია. 

თუმცა, მე მგონი, მაინც ძალიან მინიმალურია იმასთან შედარებით, რასაც გოდერძი ჩოხელის ფენომენი იმსახურებს. იგი ხომ სრულიად უნიკალური მოვლენაა, რომელიც თანაბრად ძლიერია პროზასა და კინემატოგრაფში. ამ მხატვრული ძალმოსილების ავტორი, დროა გასცდეს საქართველოს ფარგლებს, რათა უფრო ხმამაღლა ვამცნოთ მსოფლიოს, რომ მეოცე–ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნაზე ჩვენ გვყავდა ხელოვანი, რომელმაც თავისი სულის დუღილით საკაცობრიო კულტურაც გაამდიდრა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული კინოს ჩვენებები თუ ფესტივალები რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა, მაგრამ არავის გახსენებია მათში გოდერძი ჩოხელის ჩართვა. ეს ყველაზე კარგი ხერხია ნამდვილისა და ფასეულის მისაჩქმალად, მაგრამ ჩოხელის შემთხვევაში ეს დიდი უსამართლობაა, რაზეც გვმართებს ხმის ამოღება და სიმართლისთვის თვალის გასწორებაც! 

ჩვენ ასობით მწერალი და კინორეჟისორი გვყავს, მაგრამ უმეტესობა ქმნის ერთნაირად კარგ პროზას და დაახლოებით ერთნაირ კინოს, ამ რუტინული კარდიოგრამიდან დიდი ამოხტომები იშვიათად ხდება და ასეთ გამონაკლისთა სათვალავშია გოდერძი ჩოხელი. ქვეყანას მართებს უფრო მეტი გააკეთოს მისი სახელის გასავრცობად.

გოდერძი ჩოხელი საკაცობრიო კულტურის განძია და მის მიმართ ზრუნვა და დამოკიდებულებაც სათანადო უნდა გახდეს. კულტურის სამინისტრომ სამომავლოდ აუცილებლად უნდა იფიქროს  გოდერძი ჩოხელის რეტოსპექტული ჩვენებების გამართვაზე მსოფლიოს ისეთ ცენტრებში, როგორიც არის: პარიზი, ლონდონი, რომი, ბერლინი, ნიუ–იორკი, ტოკიო. ამასთან, საჭიროა კლასიკურ ენებზე წინასწარ გამოიცეს ჩოხელის რჩეული პროზისა და პოეზიის თარგმანები, რათა მოხდეს მისი, როგორც დიდი ჰუმანისტისა და მრავალმხრივი ხელოვანის მთლიანობაში აღქმა. გაოცებას გადაჩვეული სამყარო კი ამით ხელახლა აღმოაჩენს დიდ ქართველ ხელოვანს გოდერძი ჩოხელს და საქართველოს!

 

 

 

 

 



გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან