ლიტერატურა – საუკეთესო დესპანი 2018-09-04 06:11:41


დღემდე არავის ახსოვს, რომელიმე საერთაშორისო ჟურნალს ქართული მწერლობა ასე ვრცლად გაეცნო თავისი მკითხველისთვის, როგორ ეს ამერიკულ ონლაინ ჟურნალ WordsWithout Borders–ში ვიხილეთ.

წლევანდელი სექტემბრის ნომერში ექვსი ქართველი ავტორი შეირჩა. ნაირა გელაშვილის, თეონა დოლენჯაშვილის და ბექა ქურხულის პროზა, ირაკლი კაკაბაძისა და ლელა სამნიაშვილის პოეზია, ასევე გელა ჩარკვიანის მემუარული ხასიათის ესსე მკითხველს თანამედროვე ქართული ლიტერატურის წიაღში ამოგზაურებს. ერთობ რთული ამოცანაა, მხოლოდ ექვსი ავტორით მთელი მწერლური პროცესის განსჯა და ამომწურავი შთაბეჭდილების შექმნა, მაგრამ მათი წამკითხველი უმალ ირწმუნებს, რომ ამ ქვეყანაში აფასებენ გემოვნებიან და სიტყვის სათუთად მგრძნობ ლიტერატურას.

ქართული მწერლობის თავგადასავალს და პერსონალურად ამ მწერლებს თავის შესავალ მომოხილვაში წარადგენს გვანცა ჯობავა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ძალიან საინტერესო გაცნობითი ტექსტია, იგი მოიცავს ქართული მწერლობის უზარმაზარ სივრცეს ცურტაველიდან და რუსთაველიდან დღემდე და ნათლად წარმოაჩენს იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც სიტყვაკაზმული ქართული ლიტერატურა ასრულებდა მისი არსებობის ყველა ეტაპზე. თვით წასაკითხ მწერლებს კი გვანცა ჯობავა ისე მიმზიდველად ახასიათებს, რომ შეუძლებელია მათ მიმართ ინგლისურენოვან მკითხველს გამორჩეული  ცნობისწადილი არ დაეუფლოს.

ნაირა გელაშვილის „პატარა დათვი“ ერთი ვრცელი ნაკვეთია მისი ცნობილი რომანიდან „ამბრნი, უმბრნი და არაბნი...“, რომელიც ინგლისურად თარგმნა მერი ჩაილდსმა. ამავე მთარგმნელს ეკუთვნის პოეტ ირაკლი კაკაბაძის: „ჩვიდმეტი ტანკა იაკი კაბესგან“ და „ბესლანის ბავშვები“. მერი ჩაილდსი თავის მინაწერში ამ ორივე ავტორის თარგმანში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის ლია შარტავას.

თეონა დოლენჯაშვილის „მესხი მესხის წინააღმდეგ“ ფილიპ  პრაისმა თარგმნა, მანვე შეასრულა გელა ჩარკვიანის „შევარდნაძე და მე: დასაწყისი“ თარგმანი. ბექა ქურხულის „მკვლელის“ თარგმანზე ნატალია ბუკია–პეტერსმა და ვიქტორია ფილდმა იმუშავეს. ლელა სამნიაშვილის „წინდას თვალი წაუვიდა“ და „სამხედრო წვრთნები“ კი მაკ დანლოპმა და ნატალია ბუკია–პეტერსმა თარგმნეს.  

ამერიკული ონლაინ ჟურნალის მკითხველს შესაძლებლობა აქვს მოისმინონ ქართველი პოეტებისა და მწერლების ხმოვანი ჩანაწერებიც, სადაც ისინი ორიგინალში კითხულობენ თავიაანთ ტექსტებს.

ცნობილი ონლაინ გამოცემის Words Without Borders-ის ქართული მწერლობისადმი მიძღვნილი ნომერი მშვენიერ პრელუდიად წარუძღვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, სადაც ექვსი კვირის შემდეგ საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება. აღნიშნული პუბლიკაციები ხელს უწყობს ქართული ლიტერატურის გატანას და მისით გაცილებით ფართო დაინტერესებას. წარმოდგენილი ავტორები და მათი მთარგმნელები კი მართლაც ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ ჩვენს მწერლობას და მის საუკეთესო დესპანებად გვევლინებიან თანამედროვე სამყაროში. 

                                                                                

 

 



გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან