მოდელი, რომელიც ამართლებს 2018-09-07 15:56:49


დიდია მოლოდინი წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მიმართ, რომელიც სტარტს 2019 წლის 8 სექტემბერს აიღებს. ქალაქ ვერბიეს (შვეიცარია) განთქმული ფესტივალის ანალოგიით შექმნილი ქართული ვერსიის დამაარსებლები არიან: მარტინ ენგსტრომი – ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი, ავი შოშანი – ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის გენერალური დირექტორი, ასევე კომპანია „სილკ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებლები: გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია და დევიდ ბორგერი, ფესტივალის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე.

წინანდლის ფესტივალს თავისი ახალგაზრდული ორკესტრითა და მუსიკის აკადემიით უდაოდ გააჩნია პოტენციალი, რომ იგი რეგიონში კლასიკური მუსიკის ნამდვილ ცენტრად მოგვევლინოს. მის ავტორიტეტს კი განსაკუთრებით ამაღლებს ის ფაქტი, რომ ფესტივალის მუსიკალური დირექტორობა ითავა მსოფლიო სახელის მქონე დირიჟორმა ჯანანდრეა ნოსედამ. 

როგორც ცნობილია, ეს გახლავთ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით შემდგარი ფესტივალი და ამ პარტნიორობის კეთილ ნაყოფს წლებთან ერთად კიდევ უფრო დავაფასებთ. 

ასეთი თანამშრომლობა ძალზე გონივრულია და ეს მოდელი ჩვენში მისაბაძად უნდა იქცეს. საქართველომ ძალიან ბევრი დრო დაკარგა, რათა თავისი კულტურის მონაპოვარი სათანადოდ გაეცნო ან ხელახლა შეეხსენებინა მსოფლიოსთვის. ნახევარი საუკუნის წინათ გამოიფინა ლუვრში ფიროსმანი და მას შემდეგ, აწ უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ვერ შევძელით ამავე რანგის რომელიმე მსოფლიო მუზეუმში ან გალერეაში მისი გატანა. განა რა უშლის ხელს მეტროპოლიტენ მუზეუმში ან ტეიტ მოდრენში მათ გამოფენას? 

ქართულ მოდერნიზმს, მეოცე საუკუნის ოციანი წლების გენიალურ თეატრალურ მხატვრებს: ირაკლი გამრეკელსა და პეტრე ოცხელს რატომ საფუძვლიანად არ უნდა იცნობდეს მსოფლიო საზოგადოება? რატომ ვერ უნდა მოვახდინოთ მათი სათანადო ექსპონირება უცხოეთის ყველაზე სახელგანთქმულ საგამოფენო ცენტრებში? როგორც ვხედავთ, ამას ცალკე ვერც სახელმწიფო ართმევს თავს და ვერც კერძო სექტორი კიდებს ხელს და ვჩანვართ იმგვარ ქვეყნად, რომელსაც დიდი არაფერი აქვს გასაცნობი და შესათავაზებელი მსოფლიოსთვის! 

არადა, ჩვენ მართლაც შეგვიძლია თუნდაც ფიროსმანის პროექტით ნიუ–იორკსა და ლონდონში ნამდვილი სენსაცია მოვახდინოთ. ფიროსმანის დრო სწორედ ეხალაა ყველაზე მეტად. ხომ ამდენი მხატვრის ბიოგრაფიას და ხელოვნებას ვეცნობით მთელი მსოფლიოდან, მაგრამ ვიყოთ გულწრფელები, უფრო თავშეწირული და მისტიური მხატვარი ბევრი გინახავთ, ვიდრე ფიროსმანია? „მანამდე უცნობი საოცრება“ – ასე შეაფასა ცნობილმა შვეიცარიელმა კურატორმა ბიჩე კურიგერმა ფიროსმანი, როცა ოცი წლის წინათ მისი გამოფენა გახსნა ციურიხის კუნსტ ჰაუსში. ბიჩე კურიგერი მსოფლიო სახელოვნებო წრეებში ცნობილი ავტორიტრტია და მისი აზრი ძალიან დაეხმარება ფიროსმანის მოხვედრას ზემოაღნიშნულ საგამოფენო სივრცეებში.

წარმოიდგინეთ ოთხი–ხუთი თვის განმავლობაში ლონდონისა და ნიუ–იორკის ტრანსპორტს, მათ ყველაზე თვალსაჩინო სარეკლამო ადგილებს იპყრობს ფიროსმანის „ჟირაფი“, „ლომი“, „ირემი“ ან „მეთევზე“? იმდენად თვალში მოსახვედრი და გულთამპყრობია ეს სურათები, რომლებზეც ყველა ალაპარაკდება და თავს მოვალედ ჩათვლის, რომ მის აღმოსაჩენად ეწვიოს ტეიტ მოდერნს თუ მეტროპოლიტენს. ამ საქმის ბოლომდე მიყვანა ხანგრძლივ და თანმიმდევრულ შრომას მოითხოვს, ერთ და ორ წელიწადში ვერ მოესწრება, საკმაო დრო და სოლიდური ფინანსებიც სჭირდება, მაგრამ საჭიროა გარკვეული მოძრაობის დაწყება და საფუძვლის მოსინჯვა. მე ვფიქრობ, სწორედ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივა, როგორც ეს მოხდა „სილკ როუდ ჯგუფის“ შემთხვევაში.

ფიროსმანით, ჩვენი უნიკალური არქეოლოგიის ნიმუშებით, ასევე ქართული მოდერნიზმით ნამდვილად შეიძლება თამამად წარვდგეთ ყველაზე მომთხოვნი აუდიტორიის წინაშე. მათ ნამდვილად გააჩნიათ იმგვარი ღირებულება, რაც მსოფლიო კულტურას ამდიდრებს და მათ გაუთვალისწინებლად საკაცობრიო ხელოვნების საერთო სურათი სრულყოფილად ვერ ჩაითვლება. 

საქართველოსთვის კი ამგვარი სოლიდური გამოფენები კიდევ უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. იგი მუდმივად ყურადღების ქვეშ ამყოფებს პატარა ქვეყანას, რომელიც თანამედროვე მნახველს უმაღლესი კლასის ხელოვნებას სთავაზობს. ქვეყნების მიმართ კეთილი განწყობა, კონტაქტების გაღრმავება და სერიოზული ინვესტიციები ხშირად სწორედ ასე იბადება ხოლმე, რაც სახელმწიფო და კერძო ბიზნესს თანაბრად უნდა აინტერესებდეს. ეს ხომ საბოლოო ჯამში, ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას ემსახურება?

კერძო სექტორში ბევრი გამჭრიახი და გონიერი ადამიანი გვეგულება და რამდენი სასარგებოლო საქმის ხორცშესხმა ხელეწიფებათ მათაც ბატონი გიორგი რამიშვილის და მისი თანმოაზრეების დარად? 

წინანდლის ფესტივალი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მართლაც მისაბაძი ნიმუშია, რომელსაც უნდა მოჰყვეს შემდგომი გაგრძელება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალზე დროული, სამართლიანი და ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, თუკი მომდევნო პრიორიტეტებად  ჩვენი მთავარი საგანძური –  ფიროსმანი, არქეოლოგიური უნიკუმები და ქართული მოდერნიზმი დაისახება.

 

 

 

 



გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან