ფიროსმანის გამოცხადება ლონდონში 2018-09-12 14:45:43


როცა ლონდონში მოდილიანს, ანრი რუსოს ან მალევიჩს ფენენ, ჩემში ამ სიხარულს მუდამ ჩუმი ნაღველიც ახლავს და ახლავე აგიხსნით რატომაც? ჩემი ფარული სევდა უმალ ფიროსმანს გადასწვდება ხოლმე და  ვფიქრობ, როდის დადგება მისი ამ ქალაქში გამოფენის დრო? ვინძლო, ამაზე იფიქროს საქართველომ და ერთ და ორ წელიწადში თუ ვერა, მომავალ ათწლეულში მაინც გავხდეთ ამის მოწმე?!

მანამდე კი, ვიდრე ფიროსმანი მთელი თავისი ავლადიდებით წარდგება ლონდონელი დამთვალიერებლის წინაშე, გაგიკვირდებათ და მის კვალს აქ მაინც გადააწყდებით და თანაც სად? ზედ პიკადილზე. დოვა სტრიტ მარკეტი(Dover Street Market) პიკადილის მოედნიდან ხელის გაწვდენაზე მდებარეობს და თუკი მის ფართო კიბეს აუყვები, უცებ თვალს თბილისელი მუსიკოსები, ხილით მოვაჭრენი და სუფრას შემომსხდარი მოქეიფეები მოგტაცებენ... და უცებ შეცბუნდები, მაინც საიდან ან როგორ გამოგვეცხადა შუაგულ ლონდონში ფიროსმანი?

ეს ცნობილი მარკეტი ლონდონში ლეგენდარულმა იაპონელმა დიზინერმა რეი კავაკუბო(Rei Kawakubo) დაარსა 2004 წელს. ორიგინალური მარკეტი დევერ სტრიტზე მდებარეობადა, მაგრამ ორი წლის წინათ მან ადგილსამყოფელი შეიცვალა და ახლა პიკადილის მოედნის სიახლოვეს გადმოინაცვლა. ლონდონის ლამის ყველაზე მოდურ და მიმზიდველ სამოსის მაღაზიას ყოველდღიურად ასობით მომხმარებელი სტუმრობს და ყველა ვინც მის ჭერქვეშ მოხვდება, უნდა აუყვეს მრგვლად მოხვეულ კიბეს, რომლის შემინული კედლებიდან ფიროსმანის პერსონაჟები შემოგვცქერიან.

რეი კავაკუბომ ფიროსმანი სამუდამოდ დაიმახსოვრა, მას შემდეგ, რაც იგი ტოკიოს გამოფენაზე აღმოაჩინა მეოცე საუკუნის 70–იან წლებში. მოდების სახლის Comme des Garcons-ის შემქნელი და სამხატვრო ხელმძღვანელი სწორედ ფიროსმანის გამო ეწვია 1989 წელს პირველად საქართველოს. მას მაშინ თან ახლდა ბრიტანელი ფოტოგრაფი ბრაიან გრიფინი(Brian Griffin)მათ ჟურნალ „Six’’–ისთვის ფოტოსესია გამართეს კახეთში. 

გრიფინის ფოტოებმა, სადაც ცნობილი დიზაინერული ხაზის სამოსი კახელი გლეხების ტანსაცმელს ერწყმის, თავისი თამამი ხედვით უმალ მიიპყრო ყურადღება. თვით კავაკუბო აღნიშნულ ფოტორეპორტაჟს ყველაზე წარმატებულად მიიჩნევს ამ ჟურნალის ისტორიაში. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ორი წლის წინათ ბრაიან გრიფინი მეორედ ეწვია საქართველოს და ამჯერად Mercedes-Benz Fasion Week-ის ფარგლებში მოაწყო გამოფენა სახელწოდებით Mother Georgia, სადაც 27 წლის წინათ რეი კავაკუბოს დაკვეთით გადაღებული ფოტოები წარმოადგინა.

ლონდონის ტეიტ მოდერნში ან სამეფო აკადემიაში ერთ მშვენიერ დღეს ფიროსმანი აუცილებლად მოხვდება. ჩვენ თუ არ გავაკეთებთ ამას, ახალი თაობა მაინც გამოისყიდის ჩვენს გულგრილობას თუ მედღეხვალიობას. და მათ აუცილებლად გაუჩნდებათ მადლიერება მოდის სამყაროს იაპონელი გენიოსის რეი კავაკუბოს მიმართ, ვინც პირველად შემოუძღვა ლონდონის გულში ნიკო ფიროსმანს. გენიოსები გრძნობენ ერთმანეთს და ასეთია ფიროსმანისა და კავაკუბოს შემთხვევაც. ფიროსმანის თვალით დანახული სამყარო მისთვის თანამდევად იქცა და როგორც ვხედავთ, დღემდე ეთაყვანება. 

შემთხვევითი როდია, რომ რეი კავაკუბოს ლონდონურ ინტერიერში ფიროსმანი თვალისთვის არც ისე თავისუფლად მისაწვდომია. იგი გარკვეულ ბარიერს უქმნის მნახველს გამოსახულებათა სრულყოფილად აღქმისთვის, ფიროსმანი აქ მინებს მიღმა ტყვეობაშია გამოკეტილი!

და ეს ძალიან სიმბოლურია, სანამ ფიროსმანს ლონდონის სახელოვანი გალერეები გაუხსნიან თავის კარს.   

        



გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან