აბუჩად აგდებული საქართველო 2018-09-16 18:32:46


წლეულს, 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გარაცვალებიდან 111 წლისთავზე მისი სახელობის ეროვნული პრემია როსტომ ჩხეიძეს გადასცეს. ეს არის მართლაც სამართლიანად მინიჭებული პრემია და სულით და გულით ვულოცავთ ბატონ როსტომს – ნამდვილ ილიელსა და საქმით მეტყველ სულს. “მარტო ილიას სახელს კი არ უნდა გავიძახოდეთ, ილია უნდა წავიკითხოთ, ილია უნდა გავითვალისწინოთ და ის უზარმაზარი ტვირთი, რომელსაც მიეზიდებოდა ილია ჭავჭავაძე, ჩვენ უნდა გადავინაწილოთ“– მთაწმინდაზე პრემიის გადაცემის შემდეგ წარმოთქმული როსტომ ჩხეიძის ეს სიტყვები ძალზე დროული შეძახილია. განსაკუთრებით კი გულზე მოგვხვდა მისი ასეთი ფრაზა: „საუკუნის წინათაც გვეყუდნოდა ეს ქვეყანა და თავზე დაგვემხო, იმიტომ რომ არასახელმწიფოებრივად და არაეროვნულად მოაზროვნე ხალხი აღმოჩნდა სათავეში“.

ილიას გზით მავალ კაცს შემთხვევით არ დასცდენია ეს სიტყვები, მან რაღაც ისეთი შენიშნა, რაც საყრდენს და ლიბოს აცლის საქართველოს და სიფხიზლისკენ მოგვიწოდა ყველას. 

ილია ჭავჭავაძე თავის დროზე წუხდა: „ისეთი აბუჩად აგდებული ქვეყანა, როგორც საქართველოა, ძნელად თუ მოიპოვება დედამიწის ზურგზეო“ და ამ აბუჩად ამგდებსა და შეურაცხმყოფელში მაშინ იგი გარეულ მტერს გულისხმობდა. მაგრამ დახეთ, რა ხდება 120 წლის მერე, რა ულმობელი ჟამი დაგვიდგა, როცა შინაურნი, თვით ქართველები იგდებენ აბუჩად საკუთარ ქვეყანას. აბა, სხვანაირად როგორ უნდა შეფასდეს საქართველოს გადაქცევა მარიხუანის მომყვან და მიმწოდებელ ქვეყნად?! ასეთი შეურაცხყოფილი საქართველო ალბათ იყო 1907 წელს, ილია რომ მოკლეს, 1921 წელს, ბოლშევიკებმა რომ დაიპყრეს, 1924 წელს, სისხლში რომ ჩაახშვეს სახალხო აჯანყება კომუნისტების წინააღმდეგ. 1937 წელს, როცა მისი ყველაზე მასახელებელი შვილები დახვრიტეს და გააციმბირეს, 1977 წელს ქართულ ენას რომ გვტაცებდნენ, 1993 წელს, სიცოცხლეს რომ გამოასალმეს ქვეყნის პირველი პრეზიდენტი და ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია...

დღესაც ასეთივე საგოდებელი უდგას საქართველოს. ხალხის აზრი ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერს ნიშნავს!!! სადღაც, ვიღაც გაურკვეველი ადამიანები იღებენ ანომალიურ გადაწყვეტილებებს, მერე უცებ ამცნობენ საზოგადოებას რომ ეს სასარგებლოა საქართველოსთვის. ამასობაში ირკვევა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე შექმნილია „კანაფის კონტროლის სააგენტო“ და ახლა გამალებული მუშაობა მიმდინარეობს მის სტარტეგიაზე. თურმე, ეს პროცესი კარგა ხნის დაწყებულია და ფართო საზოგადოება მხოლოდ ახლა იგებს ამის თაობაზე! ნუთუ, არა ხარ ვალდებული, შენს ხალხს, ვინც მოგიყვანა სათავეში, დაეკითხო: ხალხო, ამას ვაპირებთ და თქვენ რა აზრისანი ხართო? ის რა ქვეყანაა, რომელიც თავის ხალხს ასეთ დაბალ და უჩინარ დირედ მიიჩნევს?

თუ ასე შესტკივათ გული და ღამეები აღარ სძინავთ საქართველოს ეკონომიკაზე ფიქრით, მაშინ მეაბრეშუმეობა, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა ააღორძინეთ, რაღა ამ კანაფს მიადექით?!

ეს არის საქართველოში „არტისტული გადატრიალების“ კიდევ ერთი მცდელობა. როსტომ ჩხეიძის მამას, გენიალურ ქართველ მწერალს ოთარ ჩხეიძეს ეკუთვნის ირონიულ–სატირული ხასიათის რომანი ამ სათაურით, რომელიც 1994 წელს გამოიცა და უდაოდ ქართული ხასიათის ყველაზე ზუსტ სურათად უნდა დავიგულოთ ილიას „ბედნიერი ერის“ შემდეგ!  

რა სიკეთეც ამ არტისტულმა გადატრიალებებმა დააწია საქართველოს, იქ ნათლად არის ნაჩვენები. მაგრამ როგორც ჩანს საქართველო წინ სულაც არ წასულა. კიდევ ერთ არტისტულ გადატრიალებას კი საქართველო ვეღარ გაუძლებს. მომდევნო ოც წელიწადში ის უბრალოდ განილევა და საერთოდ გაქრება რუკიდან! ამას გვიქადის სოფლის მეურნეობის „მასტიმულირებელი“ ამ ახალი კულტურის დანერგვა საქართველოში.  

ეს არის საიმქვეყნიო და სააქაო საქართველოს არნახული და არგაგონილი სიძულვილი და შეურაცხოფა და ამის გამო უნდა აღდგეს ყველა ქართველი, საქართველოში მცხოვრები თუ ემიგრაციაში მყოფი. ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, რათა ჩვენი პროტესტით ვაჩვენოთ საქართველოს ცდომილ ხელისუფლებას, რომ მისთვის ამის უფლება ხალხს არ დაურთია, უნდა ვაჩვენოთ მათ, თუ რას ნიშნავს სახალხო გაკიცხვისა და მიუტევებლობის ძალა.

მალე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გაიმართება, სადაც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს და ეს სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ რა გვეფრანკფურტება, როცა ქვეყანა ასეთ სიბეცეს მოუცავს? მკვდარი წინ გვიდევს და ამ დროს, სწორედ რომ კომიკურად მოჩანს ნებისმიერი ეს „აქტივობა“ და ყალბი თავმოწონება უდარდელი და თავისუფალი ქვეყნის შვილობით! ჩვენ ახალა ვიმყოფებით ჩვენი ისტორიის ყველაზე საკვანძო მომენტში, როცა ჩვენი სიჩუმით შეიძლება სასიკვდილო სარეცელი გავუმზადოთ ასე გასაფრთხილებელ ჩვენს სამშობლოს.

ქართველ მწერლებს და ხელოვნების მოღვაწეებს კი დღეს ამაზე დიდი სატკივარი არ უნდა გააჩნდეთ. მათ მთელ საზოგადოებასთან ერთად ძალუძთ ააშორონ საქართველოს ეს საბედისწერო განასცდელი, რომელსაც მას მარიხუანას მოშენების პერსპექტივა უქადის. ამ დღებში ორი გამოჩენილი ქართველი სტუმრობს საქართველოს ხატია ბუნიათიშვილი და ქეთი მელუა. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო რანგის ორივე ხელოვანი შეძრწუნებულია ამ ამბით და შეძლებს ხმამაღლა უთხრას ჩვენს მთავრობას, რომ ისინი ძალიან ცდებიან!

მათ უნდა შეუერთდეს საყოველთაო–სახალხო წყრომა, რათა გუგუნად გადაქცეულმა ხმამ გამოაფხიზლოს ეს შეუსმენელი მთავრობა და საბოლოოდ შეაწყვეტინოს ფიქრი ამ ავ განზრახვაზე. აქ თუ თავისი გავატანინეთ, მაშინ აღარც ხალხი ვყოფილვართ და აღარც ქვეყანა და საერთოდ, ღირს კია ცხოვრება?!

            

 



გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან