როცა დუმილით უსამართლობას ვაზეიმებთ 2018-10-01 19:21:20


87 წლის ასაკში შეწყდა  გამოჩენილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის თამაზ ჭილაძის სიცოცხლე.

ქართველი საზოგადოებრიობა გულწრფელად დაამწუხრა ჩვენი ლიტერატურის ნამდვილი კლასიკოსის, საერთოდ ქართული კულტურის ერთ–ერთი ყველაზე წონიანი და საპატიო პიროვნების გარდაცვალებამ.

მის პოეზიასა და პროზაზე, ესეისტიკასა და დრამატურგიაზე თაობები გაიზარდა და თუკი ვინმე საუკეთესო მოქართულეა ჩვენს ლიტერატურაში, ეს გახლავთ თამაზ ჭილაძე. მე პირადად ვიცნობდი ოთხ მთაწმინდელს: ანა კალანდაძეს, ოთარ ჭილაძეს, ბაჩანა ბრეგვაძეს, ჯანსუღ ჩარკვიანს. ოთხივე მათგანთან მქონია საუბარი თამაზ ჭილაძეზე. ბატონი ოთარ ჭილაძე, ყველაზე მოუსყიდავი და მწერლობისთვის შეწირული პიროვნება, თამაზ ჭილაძეს ქართული ლიტერატურის ყველაზე დიდ ავტორიტეტად და მის სინდისად მიიჩნევდა. ჩემთვის არაერთხელ უთქვამს, რომ მისი მთავარი შემფასებელი არის თამაზი, რომ მხოლოდ მის გემოვნებას ენდობა და მის შენიშვნას ითვალისწინებს თავის პროფესიაში.

ანა კალანდაძე თამაზ ჭილაძეს თანამედროვეთა შორის ყველაზე მნიშვნელოვან პოეტად აცხადებდა, ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი კი „ბაჯაღლოდ“ მოიხსენიებდა ყველაფერს, რაც თამაზ ჭილაძის ხელიდან გამოსულა. ბატონი ბაჩანა ბრეგვაძე მას უდიდეს პატივს ცსემდა, როგორც ყველაზე ნატიფ ქართველ მწერალს და უსაუბრია, რომ თამაზ ჭილაძის ყველა ახალ ტექსტს სულმოუთქმელად ელოდა და მის აზრსა თუ შეხედულებას ყველაზე დიდ ანგარიშს უწევდა.

მე არ ვიცი, რატომ აღმოაჩნდა ასეთი მოკლე მეხსიერება ჩვენს კულტურულ ელიტას, რომ საქართველოსთვის მართლაც უანგაროდ დახარჯული კაცის რუდუნება ისე მიივიწყეს, რომ  არცერთ პანთეონში არ აღმოჩნდა მისთვის ადგილი. მას ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. თუ ეს თავად ბატონი თამაზის სურვილი და ანდერძი იყო, ეს ანგარიშგასწევი იქნებოდა, მაგრამ ხომ უნდა გამოცხადდეს ეს ოფიციალურ ნეკროლოგში, რომელიც მე ვერსად აღმოვაჩინე. 

და თუ ამაზე ხმა არავინ ამოიღო, რომ თამაზ ჭილაძის ადგილი აუცილებლად არის ერის რჩეულთა განსასვენებელში, მაშინ ამ სახელმწიფოში ყველაფერი ძალიან ცუდად და უნუგეშოდ ყოფილა...

ეს საზოგადოების სირცხვილიც არის, რომ ჩვენ ვერ ვპატრონობთ ჩვენს ნამდვილად თავმოსაწონებელ ადამიანებს. აგერ ახლა, 46 ცოცხალი მწერალი მიდის ფრანკფურტში ქართული ლიტერატურის სახელით. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ნუთუ ისინი ოდნავ მაინც არ შეაწუხა იმ ფაქტმა, რომ ასეთ ღირებულ მწერალს ასე უმადურად მოეპყრო საკუთარი ქვეყანა?!

ასეთ დროს თუ არ გამოიჩენს საზოგადოება გაფაციცებულ ყურადღებას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს! რა მაგალითს ვაძლევთ ამით ჩვენს შთამომავლობას? ბევრჯერ ვიგრძნობთ უხერხულობას ამის გამო და სინანული შეგვიპრობს, რომ ჩვენი დუმილით უსამართლობა ვაზეიმეთ...

მშვიდობით ბატონო თამაზ, მადლობა იმ თავგანწირვისთვის, რომლითაც  ემსახურეთ ლიტერატურას... თან მიგყვებათ მადლიერი მკითხველის გულისტკივილი და სინდისის ქენჯნა, რომ სათანადოდ ვერ შეგვიცვნია თქვენი სიმაღლე.

 

 

 

 



გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან