როდის ჩამოვა ფიროსმანი ლონდონში?! 2018-11-10 23:11:33


ნიკო ფიროსმანი, გუსტავ კლიმტი, ეგონ შილე...​

რა შეიძლება აკავშირებდეს ამ სამ დიდ მხატვარს ერთმანეთთან? ეგონ შილე კლიმტის მოწაფე იყო და ორივე ვენის მოდერნიზმის ფუძემდებლად ითვლება. ფიროსმანი თავის სიცოცხლეში თბილისს არ გასცილებია და არც ოდესმე სმენია ამ ავსტრიელი მხატვრების შესახებ. საერთო მხოლოდ ის არის, რომ სამივე მათგანი 1918 წელს გარდაიცვალა!!! 

სასიამოვნო დამთხვევაა, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით ნიკო ფიროსმანი კლიმტისა და შილეს ქალაქში, კერძოდ ალბერტინას მუზეუმში გამოიფინა. ალბერტინას მუზეუმის საკუთრებაში არსებული კლიმტისა და შილეს ასზე მეტი ნახატი კი ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩამოვიდა.

ორივე გამოფენას არნახული წარმატება ახლავს თან. მე მქონდა ბედნიერება მენახა ისინი და გულწრფელად აღვფრთოვანებულიყავი იმ მიზიდულობით, რასაც ეს სამი გენიოსი აღძრავს ოცდამერთე საუკუნის მხილველში. ფიროსმანის ჟირაფის თვალებს, შილესა და კლიმტის პერსონაჟების მზერას და პლასტიკას შეუძლიათ დღეს უფრო მეტად აგვაფორიაქონ და მოსვენება დაგვიკარგონ, ვიდრე ისინი თავისი დროის საზოგადოებაში იწვევდნენ. 

ისინი ზედროული მხატვრები არიან, გარდაცვალებიდან ასი წლის მერეც რომ გაოცების არეალს აფართოვებენ. კლიმტსა და შილეს ვენა დაეხმარა იმაში, რომ მათი სახელი უფრო გახმიანებულიყო მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, რომ ფიროსმანს 1969 წელს ლუვრში გაუმართეს გამოფენა. ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს ათეულობით ქალაქი მოიარეს ფიროსმანის ორიგინალებმა, თუმცა ლუვრის მერე თავისი რეზონანსით ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ალბერტინას მუზეუმში გამართული ექსპოზიციაა. 

წლეულს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან ერთად ფიროსმანის გამოფენა ვენაში არის საქართველოსთვის ყველაზე მასშტაბური მოვლენა, რომლის გამოც ათასობით ადამიანის თვალთახედვის არეში ექცევა საქართველო. უდაოდ ფასდაუდებელი შრომაა გაწეული საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თანამედროვე ხელოვნების განვითარების ფონდის, „Infinitart Fondation’’-ისა და არლის ვან–გოგის ფონდის მიერ. 

განსაკუთრებით მინდა შევეხო გამოფენის კურატორის ბიჩე კურიგერის საქმიანობას. იგი დიდი ხანია იცნობს ფიროსმანის შემოქმედებას და მისი გულწრფელი დამფასებელია. ამ ცნობილმა შვეიცარიელმა არტკრიტიკოსმა და კურატორმა ჯერ კიდევ 1995 წელს(31 მარტი – 18 ივნისი), ციურიხის „კუნსტჰაუსში“ გამართა ფიროსმანის შესანიშნავი გამოფენა, სადაც 32 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. სხვათაშორის მაშინაც ფიროსანის „ჟირაფი“ იყო გამოსახული მთავარ აფიშაზე და კატალოგის გარეკანზეც. 23 წლის შემდეგ მან უკვე ალბერტინას მუზეუმში გაუწია კურატორობა ფიროსმანის ექსპოზიციას სახელწოდებით: A Wanderer Between World.

აღნიშნული გამოფენა გაისად, 27 იანვრამდე დარჩება ვენაში და კიდევ მრავალ ადამიანს ამცნობს „მანამდე უცნობი საოცრების“(როგორც 1995 წელს, ციურიხის გამოფენის გახსნაზე ბიჩე კურიგერმა მოიხსენია ფიროსმანი) სახელს. 

ყველა, ვისაც გაისად იანვრამდე ვენაში მოუწევს ჩასვლა, ვურჩევ ნახოს ეს უმშვენიერესი ექსპოზიცია, რომელიც სიამაყეს გაგრძნობინებთ სახელგანთქმული მუზეუმების დედაქალაქში. კიდევ უფრო სასიამოვნო ის გახლავთ, რომ წინამდებარე გამოფენა გაისად პარიზში და კიდევ რამდენიმე ქალაქში გადავა და ბოლოს ტოკიოში დაასრულებს თავის მოგზაურობას. 

ევროპასა და იაპონიაში მოსახდენი უზომოდ მახარებს და თან გული მწყდება იმაზე, რომ ფიროსმანმა გვერდი აუარა ლონდონს. თავიდან შევეხე გუსტავ კლიმტისა და ეგონ შილეს ექსპოზიციას ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიაში და ნეტავ, რამდენ ხანს უნდა ველოდოთ ფიროსმანს ლონდონში? სამეფო აკადემია დიდებული ადგილია ფიროსმანის გამოფენისთვის. თუმცა, ქართველი გენიოსისთვის თეით მოდერნი უფრო მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს. სამომავლოდ აუცილებლად უნდა იფიქრონ მის დარბაზებში ფიროსმანის დიდ გამოფენაზე.

მითუმეტეს, რომ ბიჩე კურიგერი არის თეითის ჟურნალ „Tate Etc“–ის ერთ–ერთი რედაქტორი და გავლენიანი არტ–კრიტიკოსი, ვისაც შეუძლია იოლად დაარწმუნოს თეით მოდერნის დირექტორატი, რომ ფიროსმანი შეიტანოს თავის პერსპექტიულ საგამოფენო გეგმაში. ახლა როგორც არასდროს, ისე ახლოს ვართ ამ სასურველ მიზანთან და კვლავ მას უნდა ვთხოვოთ კურატორობა. ბიჩე კურიგერზე უკეთ მართლაც ვერავინ შეუძღვება და წარადგენს ფიროსმანს თეით მოდერნში.



გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან