„პატარა სახლი, როგორც ნალია“... 2018-11-17 16:17:40


დღეს გალაკტიონის დაბადების დღეზე, მის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში ბევრი სტუმარი შეიკრიბება, რათა თაყვანი სცეს იმ პაწია ქოხს, სადაც 127 წლის წინათ დაიბადა ეს დიდი მარტოსული.

                          „პატარა სახლი, როგორც ნალია,

                           თვით სასახლეზე იდუმალია“...

ეს სტრიქონები 1934 წელს დაწერილი გალაკტიონის ერთი უსათაურო ლექსიდან არის, რომელშიც უმალ ცნაურდება მისი ადგილის დედა, ეს სწორედ ჭყვიშის სახლია, ასე უბრალო და ასე ღვთაებრივი!

ერთხელ ნოდარ დუმბაძემ თქვა: „პლანეტა დედით ან მამით ობოლ ბავშვს დაემსგავსებოდა მხატვრობა რომ არ ყოფილიყოო“. ეს აზრი ზოგადად ხელოვნების ყველა დარგზე ვრცელდება და მათ შორის უპირველესად პოეზიას ეხება. იგი მართლაც რომ კაცობრიობის ყველაზე დიდი მხსნელი და ნუგეშია. საკაცობრიო სახელები რომ აღარ მოვიხმოთ და მხოლოდ ჩვენებს დავჯერდეთ, მართლაცდა, რა უნუგეშო იქნებოდა მეოცე საუკუნის ქართველთა ყოფნა, რომ არა გალაკტიონ ტაბიძის არსებობა. მანამდე კი, თუ არა რუსთაველი, გურამიშვილი, ბარათაშვილი, ვაჟა, ილია, აკაკი, რით მოვითქვამდით სულს და რა მოგვაღწევინებდა დღემდე?!

იმპრესიონიზმმა და პოსტიმპრესიონიზმმა როგორც ბევრმა სხვა მოვლენამ საქართველოს გვერდი აუქცია, სამაგიეროდ, მეოცე საუკუნეში ჩვენ გალაკტიონის სახით მოგვევლინა სიტყვებით ფერმწერალი, ვინც ფერწერაში გამოტოვებული სიტყვით აგვინაზღაურა. გალაკტიონის სიტყვებიც იმგვარად ციმციმებენ და სხივოსნდებიან, როგორც ამას ფრანგ გენიოსთა ტილოებზე ვხედავთ. გალაკტიონის ბგერწერა ფერწერის მისიასაც ითავსებს!  

გალაკტიონმა უდიდესი გავლენა მოახდინა არა მარტო მის შემდგომ პოეტებზე, არამედ მხატვრებზეც. მათ შორის უპირველესად უნდა მოვიხსენიოთ ნათელა იანქოშვილი. ქალბატონ ნათელას არაერთხელ უთქვამს ჩემთან საუბარში, რომ მისთვის რუსთაველთან და ვაჟა–ფშაველასთან ერთად განსაკუთრებით ახლობელია გალაკტიონის პოეზია და ამ სამეულს თავისთვის მუდამ საკითხავ ავტორთა შორის მიიჩნევდა. გული სწყდებოდა, რომ ვერ მოასწრო გაკალტიონის პორტრეტის შექმნა, როცა ის პოპულარობის ზენიტში იყო.

„მე დამწყები მხატვარი ვიყავი, თანაც ახალგაზრდობაში პორტრეტებზე ნაკლებად ვმუშაობდი, მხოლოდ ლადო ავალიანისა და ლეო ქიაჩელის პორტრეტი მქონდა ნაცადი. მხოლოდ 60–იანი წლებიდან დავინტერესდი სერიოზულად პორტრეტული მხატვრობით. ამიტომ ჩემი დიდი აღფრთოვანების მიუხედავად მის სიცოცხლეში ვერანაირად ვერ გავაკეთებდი გალაკტიონის პორტრეტს. ასეთ გენიოსს ფერწერული ასახვაც შესაფერი უნდოდა და იმხანად ვერ გვგრძნობდი ჩემში იმ სიმაგრეს. თუმცა, გვიან მაინც ავასრულე გალაკტიონის მიმართ ვალი და 1978 წელს დავხატე მისი სახლი სოფელ ჭყვიშში“ –იხსენებდა ნათელა იანქოშვილი.

ქართულ მხატვრობაში ძნელია მოიძებნოს მეორე მხატვარი, რომელიც ასე ორგანულად და მძლავრად ამოდიოდეს ჩვენი დიდი პოეზიის წიაღიდან, როგორც ამას ნათელა იანქოშვილი იქმოდა. რადგან ახლა გალაკტიონს ვეხებით, საჩინოდ მოვიტან მის რამდენიმე პოეტურ შესიტყვებას: 

„ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების“,

„ციდან მთებზე ეშვებიან კრავები“,

„შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებით

ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?“,

„საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული“,

„ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი

და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად“,

„ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –

საღამო კანკალებს შიშით და რიდობით...“

აბა ახლა შეხედეთ გვერდიგვერდ განთავსებულ ფერწერულად ამეტყველებულ ჭყვიშსა და „კახის მთებს“, მხატვრის სხვა პეიზაჟებიც გაიხსენეთ და თუ უმალ არ გაგიელვებთ აზრი, რომ სწორედ აქ მოხმობილმა პოეტურმა სახეებმა ამოზარდეს და ასაზრდოეს იანქოშვილის ფერწერული შესატყვისები? მისი ფერწერა ნამდვილად არ იქნებოდა ისეთი, რომ არა სიტყვაკაზმული ქართული მწერლობა. 

ალბათ, უკვე დროა მოხდეს იანქოშვილის კვლევა რუსთაველის, ვაჟა–ფშაველას, ბარათაშვილის, გალაკტიონის პოეტური ესთეტიკის კვალდაკვალ. ამგვარი დაკვირვება აუცილებლად მიგვიყვანს სწორ დასკვნებამდე და აღმოგვაჩენინებს, თუ საიდან იღებს სათავეს იანქოშვილის ფენომენი – ასერიგად ქართული და მსოფლიური.

 

 

                                                               



გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან