პლანეტა, რომელსაც გალაკტიონი ჰქვია! 2019-01-18 23:49:04


აგერ უკვე რამდენი წელიწადია, რაც ჩვენს ბიბლიოთეკებს ძვირფას თვალ–მარგალიტებად ემატება ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის მიერ გამოცემული ქართული პროზისა და პოეზიის მინიატურული წიგნები. 

მართალია, ამ სერიაში ადრევე პოვა ადგილი გალაკტიონის შედევრებმა, მაგრამ ამჯერად იგი ხელახლა მიუბრუნდა გენიალურ პოეტს და ახლა უკვე მისი ორენოვანი კრებული შემოგვთავაზა. მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა დედნის გვერდით გაეცნოს ინესა მერაბიშვილის ინგლისურ თარგმანს, რომელსაც კარგა ხანია მაღალი რეპუტაცია აქვს მოპოვებული თვით ბრიტანულ აკადემიურ წრეებში. 

ინესა მერაბიშვილის გალაკტიონის თარგმანები ორჯერ გამოიცა ლონდონში, 2011 და 2017 წელს. სწორედ მეორე კრებული, რომელსაც ჰქვია Discover Galaktion(გამომცემლობა Critical, Cultural and Communication Press) დაედო საფუძვლად მწიგნობართა ასოციაციის მიერ მომზადებულ წიგნს. თუმცა, უკვე არსებულს აქ შეემატა მთარგმნელის ქართული წინასიტყვაობა და პოეტის ერთიც ახლად თარგმნილი ლექსი: „დაიმახსოვრეთ, სულით მონებო!“ წიგნს ასევე დაერთვის საქართველოს სახალხო მხატვრის, ლევან ცუცქირიძის ილუსტრაციები გალაკტიონის პოეზიის თემებზე. წიგნის მთავარი რედაქტორია ლია ნადარეიშვილი, ყდის დიზაინი კი გიორგი წერეთელს ეკუთვნის.

გამომცემლობამ უპირველესად გაითვალისწინა პროფესიონალების შეფასებები, რომელიც ინესა მერაბიშვილის ნათარგმნ გალაკტიონს მოჰყვა, თავის მხრივ კი ამოცანად დაისახა უფრო მეტი უცხოენოვანი მკითხველი დაუახლოვოს  და აზიაროს ლამის „უთარგმნელად“ შერაცხულ პოეტს. უდავოა, რომ მანამდე არსებულ გალაკტიონის ინგლისურ თარგმანებს შორის ინესა მერაბიშვილი ყველაზე მეტად მიუახლოვდა ორიგინალების სუნთქვას და ეს თავისუფლება ასე იოლად არ მოსულა. იგი წლების განმავლობაში ემზადებოდა გალაკტიონთან შესახვედრად. ამას წინ უძღვოდა მისი, როგორც ენათმეცნიერის ნაყოფიერი კვლევები ლინგვისტიკაში. ინესა მერაბიშვილმა შექმნა თარგმანის ლინგვისტური თეორია, რომელიც ცალკე შრომებად და წიგნებად არის გამოცემული და საერთაშორისო მთარგმნელობითი პრაქტიკის საგულისხმო მონაპოვრად არის აღიარებული. 

იგი ხანგრძლივი დაკვირვებისა და ანალიზის გზით ეზიარა გალაკტიონის გამოუცნობ მეტაფორებში შეღწევის საიდუმლოს. მხოლოდ პოეტის ლექსიკური ენიგმების საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ გადაიხსნა მისთვის სეზამის კარი და სწორედ ამის მადლია, რომ დღეს გაგვაჩნია გალაკტიონის ათობით შედევრის უბრწყინვალესი თარგმანი და კიდევ მრავალი მათგანი ელის თავის ჯერს...

ინგლისური გამომცემლობის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბერნარდ მაკგარკიმ საუკეთესოდ გამოხატა თავისი აზრი მათთვის გალაკტიონის ასი წლის შემდეგ აღმოჩენაზე, ასევე საკადრისი პატივი მიაგო ინესა მერაბიშვილის უებრო მთარგმნელობით ხელოვნებას: „დიდი პატივია, რომ გალაკტიონი ბრიტანეთში პირველად ჩვენ დავბეჭდეთ. ვიმედოვნებ უამრავი მკითხველი დაინტერესდება ამ განსაცვიფრებელი პოეტით, რომელიც საუკუნის დაგვიანებით მოვიდა ჩვენამდე და მხოლოდ ახლა ხდება მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი. გალაკტიონის პოეზია ვარსკვლავებით მოჭედილი გალაკტიკაა, ხოლო  მთარგმნელი ის ხომალდია, რომელიც ამ ვარსკვლავებისკენ გაიჭრა და სწვდება მათ“. 

ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორის რიჩარდ ა. კარდველის შეფასებით, გალაკტიონი ინგლისურად „არის მთარგმნელის ჭეშმარიტი გამარჯვება, მან წარმატებით ააჟღერა ორიგინალის ჰარმონია და რიტმი, ხოლო დედნისეული ტექსტების რთული მეტაფორები არაჩვეულებრივი ერთგულებითა და სიზუსტით აამეტყველა ინგლისურ ენაზე. ის, რომ თარგმანებში მკითხველი ვერ გრძნობს უცხო წყაროს არსებობას, ეს ინესა მერაბიშვილის, როგორც მთარგმნელის დიდი ნიჭიერებისა და ოსტატობის მაჩვენებელია“. 

სწორედ ასეთი რანგის თარგმანებით უნდა ვაცნობდეთ და პოპულარიზაციას ვუწევდეთ უცხოელ მკითხველში ჩვენს პირველხარისხოვან მწერლებსა და პოეტებს. მხოლოდ ასე გახდება საცნაური, თუ რა ფასეულობებს ემყარეობოდა ოდითგანვე საქართველო და რა განძით ამდიდრებდა იგი საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო სააზროვნო თუ პოეტურ კულტურას. ის, რაც ბედის უკუღმართობით დღემდე თითქმის უცნობი დარჩა საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის, ჩვენ ახლა უნდა ავანაზღაუროთ. 

ამ ამოცანის მიღწევაში კი წინამდებარე მინიატურული გამოცემა სწორედ რომ შესაფერ სამსახურს გაგვიწევს. ახლა როცა, მილიონობით უცხოელი სტუმრობს საქართველოს, კარგად თარგმნილი ლიტერატურის მნიშვნელობა გაცილებით იზრდება და ტურიზმის ინფრასტრუქტურაზე ზრუნვასთან ერთად ესეც აქტუალური უნდა გახდეს.

მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებს მართლაც დიდი ვალი აკისრიათ ქვეყნებს შორის დაახლოებასა და მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნებაში. ამ მხრივ ინესა მერაბიშვილის სახით ჩვენ გვყავს მართლაც უნიკალური პიროვნება, ვის ღვაწლსაც პატივს სცემენ როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს მიღმაც. აი როგორ შეფასებას აძლევს ინესა მერაბიშვილს გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრი, გრაფი ლიტონი (იგი ამასთან ერთად გახლავთ ლორდ ბაირონის პირდაპირი შთამომავალი მისი ქალიშვილის, ადას მხრიდან): „აღსანიშნავია, რომ მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ღრმა კულტურულ კავშირებს და საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა გაცილებით უკეთ წარმოეჩინა ქართული კულტურა ჩვენი ქვეყნის წინაშე. პროფესორი მერაბიშვილი არის ის, ვისაც ჩვენს ქვეყანაში ეროვნულ საგანძურს ვუწოდებთ და იგი იმსახურებს, ასეთად იყოს აღიარებული თავის ქვეყანაში“. 

2018 წელი ამ მხრივ ერთობ საგულისხმო აღმოჩნდა ქალბატონი ინესა მერაბიშვილისთვის. იგი ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს ენის, ლიტერატურისა და კულტურის სექციაში. მართლაც ძნელი წარმოსადგენია სამივე მიმართულებას ასე ჰარმონიულად ესადაგებოდეს და ამდიდრებდეს მეცნიერისა და მთარგმნელის მიერ გაწეული თვალსაჩინო შრომა. 

გულწრფელად ვულოცავ ქალბატონ ინესას აკადემიკოსად არჩევას, ასევე თვით მეცნიერებათა აკადემიას ვულოცავ თავისი წიაღის გამდიდრებას ასეთი რანგის ავტორიტეტით. ეს ზოგადად საქართველოსთვის არის სასიამოვნო და ჯანსაღი მოვლენა, რადგან ამჯერად აღიარებამ არ დააყოვნა და სამართლიანად იპოვა თავისი ადრესატი.



გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან