ზურაბ წერეთელს ლონდონში ელიან 2019-01-21 05:20:55


„უფრო დიდი, ვიდრე სიცოცხლე“ – Larger Than Life  ასე ჰქვია მსოფლოში სახელგანთქმული ქართველი მხატვრის ზურაბ წერეთლის ვრცელ რეტროსპექტულ გამოფენას, რომელსაც ლონდონის სააჩის გალერეა - Saatchi Gallery ოთხი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს (23 იანვარი – 17 თებერვალი). 

ლონდონში, სტრანდის ნომერ 180–ში მდებარე შენობას 1992 წლიდან ამკობს ზურაბ წერეთლის ქანდაკება „დავანგრიოთ უნდობლობის კედლები“ (27 წლის წინათ, 26 მაისს გახსნილი ეს ნამუშევარი მხატვარმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნა). „ვუძღვნი სანუკვარ 26 მაისს“, მახსოვს, მხატვრის სწორედ ეს ნათქვამი მივეცი სათაურად გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ იმხანად გამოქვეყნებულ ჩემს სტატიას.

მხატვარი, რომლის ნამუშევრებსაც პლანეტის ყველა კუნჭულში შეხვდებით, დიდ პერსონალურ გამოფენას პირველად აწყობს ლონდონში, სადაც მისი შემოქმედების ყველა ეტაპის ამსახველი ფერწერის, ქანდაკებისა და ემალის ტექნიკით შესრულებული ნიმუშები იქნება ექსპონირებული.

წინამდებარე გამოფენა სააჩის გალერეაში მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MMOMA) წარდგენით იმართება. აღნიშნული მუზეუმი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ წერეთელმა 1999 წელს დააფუძნა მოსკოვში. მანვე მშობლიურ ქალაქ თბილისს 2012 წელს აჩუქა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MOMA), რომელიც საუკეთესო საგამოფენო სივრცეს წარმოადგენს საქართველოში.

85 წლის დაუცხრომელი და ახალი პროექტებით შთაგონებული მხატვარი საგანგებოდ ჩამოდის ლონდონში, რათა მონაწილეობა მიიღოს თავისი გამოფენის გახსნაში, რომელსაც ინტერესით ელის ლონდონის საზოგადოება.

თუ დემიენ ჰისტი (Damien Hirst) ამ საუკუნის ყველაზე წარმატებულ მხატვრად მიიჩნევა დიდ ბრიტანეთში, ჩვენ ქართველებს 30 წლით ადრე გვყავდა ზურაბ წერეთელი, რომელიც მის ყველა რეკორდს უსწრებს და ჯაბნის... ისე რომ, ზურაბ წერეთელი გახლავთ ნამდვილი პიონერი და დღეს მოქმედი ყველაზე წარმატებული არტისტების წინამორბედი!

რაც შეეხება თვით გამოფენას, მასზე უფრო ვრცლად დათვალიერების შემდეგ მოგიყვებით.

 

 

 



გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან