რა შეუძლია კარგ თარგმანს?! 2019-03-04 17:14:35


გალაკტიონი ტყუილად როდი წუხდა, რომ მის ლექსებს იშვიათად ან საერთოდ არ თარგმნიდნენ უცხო ენებზე. „ვიღაც ძლიერ დაინტერესებულია არა იმით, რომ გაუმჯობესდეს თარგმანის საქმე, არამედ იმით რომ დააშინონ მთარგმნელები, აქაოდა გალაკტიონ ტაბიძის თარგმნა ყოვლად შეუძლებელია, ის თითქოს ტალანტია და მთარგმნელიც გენია უნდა იყოსო. თორემ ჩვეულებრივი მთარგმნელი მას სულ ვერ მისწვდება და აუცილებლად დამრცხდებაო... და აი, მთარგმნელი იძულებული ხდება სულ ახლო არ გაეკაროს სათარგმნელად ჩემს მასალას.“ მას სანიმუშოდ მოჰქონდა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანები, რითაც სასტიკად აცამტვერებდა მის მიმართ დამკვიდრებულ პრაქტიკას. „რუსთაველის მთარგმნელები კ ბალმონტი, შ. ნუცუბიძე, პეტრენკო, ცაგარელი და სხვები, არცერთი გენიოსი არ არის, მაგრამ თითოეული რაღაცას ახერხებს და გადმოსცემს. რა შუაშია აქ გენია და ან შეუძლებლობა თარგმანისა? არსად ასეთი გატაცებით არ გაიძახიან, რომ გ. ტაბიძის თარგმნა შეუძლებელია, როგორც ჩვენში...“

გალაკტიონს ურყევად სწამდა, რომ მისი პოეზია აუცილებლად გადალახავდა საქართველოს ფარგლებს და კაცობრიობას აუწყებოდა, თუ რა სიმაღლეს მიაღწია ქართულმა პოეტურმა სიტყვამ მეოცე საუკუნეში:

                        „ყოველი დროის და გარემოის

                         ჭეშმარიტ პოეტს გაიგებს ხალხი.“

მართლაც ახდა პოეტის წინასწარმეტყველება, დრომ მის სასარგებლოდ იმუშავა და გარდაცვალებიდან სამოცი წლის შემდეგ ხელახლა იწყება გალაკტიონის აღმოჩენა მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო ბოლო ხანებში უცხოურ ენებზე გალაკტიონის წარმატებულმა თარგმანებმა, რამაც დაანგრია მითი მისი უთარგმნელობის შესახებ. ასევე მისით და სხვა ქართველი ავტორებით დაინტერესება ბევრწილად განაპირობა ფრანკფურტის წინგის ბაზრობამაც, სადაც შარშან საქართველო იყო სტუმარი ქვეყანა და საერთაშორისო მკითხველმა გაცილებით მეტი შეიტყო ქართული ლიტერატურის მდიდარ ტრადიციებსა და დღეს მოქმედ მწერლებზეც. 

ორ საინტერესო ფაქტზე მინდა მოგიყვეთ, რომელსაც საფუძველი გალაკტიონის ინგლისურმა და გერმანულმა თარგმანებმა დაუდო, ევროპასა და ამერიკაში ამ დღეებში კიდევ ერთხელ წარმოჩნდა გამოჩენილი ქართველი პოეტის სახელი. გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ 

(22 თებერვალი, 2019)დაიბეჭდა გერმანელი კრიტიკოსის მარლენ შტოსელის(Marleen Stoessel) სტატია, რომელიც გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარეს“ ეძღვნება. თუმცა, ავტორი აქ გალაკტიონის ერთი ლექსის გარდა, გერმანელ მკითხველს არაერთ საგულისხმო ამბავს უყვება თვით პოეტის ცხოვრებასა და მის სამშობლოზე. უწოდებს მას კავკასიელ ორფეოსს,სიმბოლიზმის ბარდს, აბსოლუტური სმენით დაჯილდოვებულ პოეტს. იგი განიხილავს „მთაწმინდის მთვარის“ გალაკტიონისეულ კითხვას, რომლის მოძიება  შესაძლებელია You Tube-ში და განაგრძობს „ამ დეკლამაციის აღწერა მხოლოდ მუსიკალური ცნებებით არის შესაძლებელი: პირველი სტრიქონების პიანო, რომელიც აცოცხლებს მთაწმინდის სურათს, თანდათან გადადის კრეშჩენდოში, შემდეგ ისევ ნელდება და მიწყდება ბოლო სტრიქონების სუნთქვის შემკვრელ პიანისიმოში. 

დროსა და სივრცის თვალსაზრისით კი ეს არის ექო ბოდლერის ლექსისა: Correspondences (მიმიწერა)“. მარლენ შტოსელი აქვე აღწერს მთაწმინდას, როგორც საკრალურ ადგილს, დიდი ქართველი პოეტებისა და მოღვაწეების განსასვენებლ სავანეს. ახსენებს ტიციან ტაბიძეს და „ცისფერყანწელთა“

პოეტურ ორდენს. განსაკუთრებით გამოყოფს ელკე ერბის „მთაწმინდის მთვარის“ გერმანულ თარგმანს და მიიჩნევს რომ „მან შექმნა თავისუფალი, ასონანსებით მდიდარი, აჟღერებული პალიტრა“. აქვე აღნიშნავს, რომ ხაიმ ნახმან ბიალიკი, ისრაელის ეროვნული პოეტი, თარგმანს „ცხვირსახოცით კოცნას“ უწოდებს, ეკლე ერბის თარგმანს კი შეგვიძლია ნამდვილი კოცნა ვუწოდოთ და მადლობა მოვახსენოთ ამ „ცხვირსახოცისთვისო“. 

ცნობისათვის აღვნიშნავ, რომ მარლენ შტოსელი 2015 წელს იმყოფებოდა საქართველოში და მისი თითქმის ყველა კუთხე მოიარა, გაეცნო ჩვენს მუზეუმებსა და გალერეებს. მან გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, გაზეთებში: „Frankfurter Algemaine Zaitung“-სა და „Tages Spigel“-ში  ვრცელი სტატიები უძღვნა საქართველოს, ასევე „Radio Funk“–ში მოამზადა გადაცემა, სადაც ისაუბრა თბილისსა და ბათუმში მიღებულ შთაბეჭდილებებზე, მხატვარების: ნათელა იანქოშვილისა და თამარ კვესიტაძის შემოქმედებაზე. შტოსელს განსაკუთრებული ინტერესი გაუჩნდა ქართული პოეზიის, კერძოდ კი ვაჟა–ფშაველას, გალაკტიონისა და ბესიკ ხარანაულის შემოქმედების მიმართ. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაეცნო მათ თარგმანების მეშვეობით და მის ახალ აღმოჩენად და დაკვირვების საგნად გადაიქცნენ. მალე ალბათ მისი სხვა პუბლიკაციებიც გამოჩნდება გერმანულ მედიაში. 

მეორე ფაქტი კი ვენესუელურ–ესპანური წარმოშობის, ლონდონსა და ანტიბეს შორის მცხოვრები მხატვარის როდოლფო ვილაპლანას ამერიკულ გამოფენას ეხება, რომელიც მაიამის ერთ–ერთ გალერეაში 16–26 მარტს გაიმართება. მან თავის ახალ ექსპოზიციას სახელი „ცხოვრება ჩემი“

გალაკტიონის ამ სახელწოდების ლექსის გავლენით შეურჩია და თავის პრესრელიზსაც იგი წაუმძღვარა. მისი თარგმანი ინესა მერაბიშვილს ეკუთვნის და შესულია ლონდონში გამოცემულ გალაკტიონის ორივე კრებულში „Galaktion Tabidze Poems“ (2011) და „Discover Galaktion“ (გამომცემლობა Critical, Cultural and  Communication Press, 2017)

ნიჭიერი ფიგურატულმა მხატვარმა როდოლფო ვილაპალამ თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში(MoMa Tbilisi) 2015 წლის ნოემბერში გამართა თავისი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „დუშამპი მკვდარია“, რომელიც ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა და დამთვალიერებლის დიდი მოწონება ხვდა წილად. 

მას შემდეგ როდოლფო ვილაპლანამ ლონდონში, რომსა და ნიუ–იორკში გამართა გამოფენები. მალე კი მაიამში გაეცნობიან მის მორიგ ექსპოზიციას, რომელსაც ერთობ ამბიციური განაცხადი აქვს, თუ პრესრელიზში გამოტანილი გალაკტიონის ლექსის პირველი და ბოლო სტრიქონების: „ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია“... და „მე არც წარსულის, 

არც მომავლის არ მეშინია“, მიხედვით ვიმსჯელებთ. შემთხვევით როდი მოსწონს და აღელვებს თანამედროვე მხატვარს გალაკტიონის ეს სტრიქონები, ისიც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის პროფესიას და ცდილობს მის სამსახურში ბოლომდე დაიხარჯოს, ისე რომ პირნათელი დარჩეს როგორც წარსულის, ისე  მომავლის წინაშე. მაიამის ამ გამოფენაზე მხატვრის სურათებთან ერთად ქართველი პოეტის სახელიც გაიხმიანებს და ვინ იცის, კიდევ რამდენ თაყვანისმცემელს გაიჩენს იგი?

როგორ გავაცნობთ მსოფლიოს სათანადოდ ჩვენს ბრწყინვალე პოეტებს, თუ არ გვექნება მათივე ღირსი თარგმანები? ინესა მერაბიშვილისა და ელკე ერბის შემთხვევა, ამ მხრივ მართლაც განსაკუთრებულია და კულტურათა დიალოგშიც უკვე ცხადად ვიმკით მის კეთილ ნაყოფს. კიდევ რამხელა შრომა მართებს ამ  მხრივ დიდი ლიტერატურის პატრონ საქართველოს?! 

ამ სფეროში მთავარი გადასალახი სამანები კიდევ წინ არის და ამ გზას უნდა ვუერთგულოთ, თუკი ჩვენი კულტურის ბედი ჭეშმარიტად გვაღელვებს და გვაინტერესებს.

 



გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან