ემიგრანტები გირაოს გადაიხდიან 2013-06-27 13:44:43


 

ტესტური პროგრამა, რომელიც 2013 წლის ნოემბრიდან ამოქმედდება „არასანდო“ უცხოელებს ბრიტანეთში შემოსვლისათვის 3 ათასი ფუნტის გირაოს გადახდას დააკისრებს. გაზეთ The Sun-ის ინფორმაციით ეს გათვლილი იქნება იმ უცხოელებზე, რომლებიც საეჭვოა რომ არალეგალ ემიგრანტებად დარჩენას და საიმიგრაციო კანონების დარღვევას გეგმავდნენ.

კერძოდ, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ნიგერიიდან, შრილანკიდან, ბანგლადეშიდან და განადან ჩამოსულ ადამიანებს საზღვარზევე სპეციალური ტესტირება ჩაუტარდებათ და ქვეყანაში შემოსვლისათვის 3 ათასი ფუნტის გადახდა დაეკისრებათ.

ინიციატივა კონსერვატორებს ეკუთვნით. გაზეთის ინფორმაციით ისინი ცდილობენ დაანახონ მთავრობას, რამდენად სერიოზულად აპირებენ არალეგალებთან ბრძოლას მომავალში. ინიციატივას ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც უჭერს მხარს.

პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი დაპირდა მოსახლეობას, რომ 2015 წლისთვის მიგრანტების შემოდინებას ქვეყანაში 100 ათასი ადამიანით შეამცირებს.