გახშირებულ ქალთა მკვლელობების შესახებ 2014-10-21 09:31:55


ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია და არასასურველიც რაიმე მზა რეცეპტის მოგონება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე გახშირებულ ქალთა მკვლელობის თემაზე.

მოკლედ ვიტყვი, რომ ძველი სოციალური სისტემა, რომელიც აწესრიგებდა ურთიერთობებს საზოგადოებაში და ოჯახში, საფრანგეთის 1789 -1793 წლების რევოლუციიდან მოყოლებული პრაქტიკულად უკვე წარსულის კუთვნილებაა, საზოგადოების ერთი ნაწილისთვის საუბედუროდ, მეორე ნაწილისთვის საბედნიეროდ.

ფართო ახსნა-განმარტებითი მუშაობის წარმოება მოსახლეობაში, ლექციების, სემინარების თუ თოკ-შოუების ფორმით და სახელმწიფოს ხელშეწყობით; ამ თემისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტების გამართვა; მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე სხვა კონფესიების მიერ ამ საკითხის თემატიზება და წირვის დაყენება - ამ ყოველივემ შესაძლოა იმუშაოს, შესაძლოა არა, ისე რომ შანსები დაახლოებით თანაბარი იქნება.

ორიგინალური არ ვიქნები, თუ დავსძენ: ის ფაქტი, რომ თანამედროვე სეკულარული სახელმწიფო ზოგადად დევნის ადამიანის (ქალის, მამაკაცის, მოხუცის თუ ბავშვის) მკვლელობას, მიანიშნებს ამ მიდგომის კულტურულ-რელიგიურ ძირებზე. ასე ესმოდა კაცობრიობას ჰამურაბიდან მოსემდე, მოსედან იუსტინიანემდე, იუსტინიანედან საფრანგეთის რევოლუციამდე და იქიდან დღემდე. ეს აისახა კიდეც ამ ისტორიულ პირთა მიერ შესაბამის ეპოქებში შედგენილ სამართლებრივ სისტემებში.

ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც კონკრეტული ეთნოკულტურული გენოტიპის მქონესთვის, როგორც ქრისტიანისთვის, როგორც მამაკაცისთვის, როგორც მოქალაქისთვის, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში მოღვაწისთვის ქალის მკვლელობა არის ადამიანის მკვლელობის განსაკუთრებულად შემზარავი და საზიზღარი ფორმა.

ეს მკვლელობები ჩადენილია ღირსებააყრილი, თავზე კონტროლ-და გონდაკარგული, სრულიად პაუპერიზებული მამაკაცების მიერ, რასაც თავის ღრმა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული მიზეზები გააჩნია. მათ კვლევას ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება პრობლემის დაძლევისთვის. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალადობას სხვადასხვა ფორმები შეიძლება ქონდეს - თუნდაც ყოველდღიური ლატენტური ზეწოლა ქალზე (და ზოგადად ადამიანზე) ასევე მიუღებელია და დანაშაულს წარმოშობს ადრე თუ გვიან.

ხშირად ამბობენ, რომ ჩვენთან უკვე მე-12 სუკუნეში იყო ქალის და მამაკაცის თანასწორობის იდეა -"ლეკვი ლომისა სწორია". ვფიქრობ, ეს ზოგადად პოეტურ ფორმაში მოქცეული ქრისტიანული იდეაა, ფორმულირებული პავლეს ეპისტოლეში, რომ ქრისტეში არ არსებობს "არცა მამაკაცება, არც დედაკაცება", არამედ ყველა ერთია, ანუ თანასწორი.

ჰერმენევტიკული თვალსაზრისით თუკი შევხედავთ, "ლომი" სუვერენულობის სიმბოლოა. იგი პოეტმა იმიტომ შეარჩია, რომ არც ერთ სხვა ცხოველში არ არის იმდენად გამოხატული ეს თანასწორობა ძუსა და ხვადს შორის, როგორც ლომებში.

თვით ქართული სიტყვა "თავისუფლება", რომელიც სუვერენულობის და პიროვნულობის მაღალ ხარისხს გულისხმობს, ასევე გზაა თანსწორობისკენ. თუკი ამ გზას სწორად ადგანან, მორალი იმპერატივად და თავსმოხვეულ აკრძალვებად კი არ იქცევა, არამედ შემოქმედებით ძალად. ქართველმა ქალებმა პირობითად რომ ვთქვათ, მედეადან ქეთევან დედოფლამდე და დღემდე დიდ სიმაღლეებს მიაღწიეს.

P.S.მედეას ხსენებაზე გთხოვთ, ნუ გაიმეორებთ ფიზიკური ნაკლის მქონე, ქალთმოძულე და პანელენისტი ევრიპიდეს ვერსიას მედეაზე, როგორც სისხლმოწყურებულ შურისმაძიებელზე - ამ ბერძენი მწერლისთვის ხომ ყველაფერი, რაც "ბარბაროსული" ქვეყნებიდან მოდიოდა, ავტომატურ რეჟიმში ნაკლული და დამღუპველი იყო.



კონსტანტინე გამსახურდია