რაც სიამაყით შეგვიძლია წარვუდგინოთ ლონდონს 2015-02-11 12:31:10


აგერ უკვე ორი თვეა ლონდონის ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის რამდენიმე დარბაზი ეთმობა  რუსული თეატრის ავანგარდის გამოფენას Russian Avant-garde Theatre: War Revolution and Design. ექსპოზიციას ყოველდღიურად უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს და როგორც მედიის გამოხმაურებები მოწმობს, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მათ მეოცე საუკუნის ოციანი წლების რუსული თეატრის სახით აღმოაჩინეს ყველაზე რევოლუციური და ნოვატორული ხელოვნება, რომელმაც დრამატურგიის წაკითხვის სრულიად ახლებური სტილისტიკა დაამკვიდრა.

მოსკოვის ბახრუშინის სახელობის სახელმწიფო თეატრალური მუზეუმიდან ჩამოტანილი ესკიზები და დეკორაციის მაკეტები მართლაც ძალზე შთამბეჭდავად გამოიყურება. უდავოა, რომ მათ თავისი უჩვევულო და ფანტასგმაგორიული ფორმებით თანამედროვე დამთავლიერებლის გაოცების უნარიც შესწევთ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს: კაზიმირ მალევიჩის, ალექსანდრე როდჩენკოს, ვლადიმირ ტატლინის, სერგეი ეიზენშტეინის, ალექსანდრე ექსტერის, ელ ლისიცკის, ლიუბოვ პოპოვას, ვარვარა სტეპანოვას დეკორაციისა და კოსტიუმების ესკიზები, ასევე სპექტაკლების მაკეტები, რომელთა საერთო რაოდენობა 150–ს აჭარბებს.

გამოფენიდან ჩემი ყურადღება განსაკუთრებით ორმა ექსპონატმა მიიპყრო. ცნობილია, რომ ბახრუშინის მუზეუმში ბევრი ქართული რელიკტია დაცული. მათ შორის, გენიალური ქართველი სცენოგრაფის ირაკლი გამრეკელის ორი ესკიზი წინამდებარე გამოფენაზეც მოხვდა და უნდა ითქვას, რომ შექსპირის „ჰამლეტისა“(1925) და სანდრო შანშიაშვილის „ანზორის“(1928) ესკიზები აღნიშნული ექსპოზიციის ნამდვილი შედევრებია. გაურკვევლობის ბურუსში ჩაძირული ელსინორის სასახლე თითქოს კოსმოსშია დანთქმული და იდუმალების ცალკე პლანეტას წარმოადგენს. „ანზორის“ ესკიზის ფორმები კი სრუალიად განსაცვიფრებელ, მანამდე უცნობი საოცრებას გადაშლის მნახველის თვალწინ.

ბუნებრივია, ჩვენთვის სასიამოვნოა  ის ფაქტი, რომ  ქართველი მხატვარი ვიხილეთ ამ გამოფენაზე, თუმცა, სრულიად გაუგებარია რა პრინციპით ჩართეს იგი რუსული თეატრის პროექტში. გამრეკელი არანაირად არ მოიაზრება რუსული თეატრის ჩარჩოში. მან მარჯანიშვილთან და ახმეტელთან ერთად სრულიად ახლებურ ხედვასა და აზროვნებას დაუდო სათავე ქართულ თეატრში.

რუსების ამ გამოფენამ ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში სრულიად ბუნებრივად გამიჩინა აზრი, რატომ არ შეიძლება, რომ ამავე ეპოქის ქართული თეატრის პანორამა წარმოვადგინოთ ლონდონში? ეს იქნება უაღრესად მდიდრული და ტევადი ექსპოზიცია, რომელიც ირაკლი გამრეკელისა და პეტრე ოცხელის ნოვატორულ სცენოგრაფიას, ასევე ჩვენი თეატრის ტიტანების ახმეტელისა და მარჯანიშვილის ესთეტიკას გააცნობს 21–ე საუკუნის დამთვალიერებელს. ეს ჩვენი სასახელო წარსულია, რომელიც სიამაყით შეგვიძლია წარვუდგინოთ თეატრალური ხელოვნების ისეთ გამორჩეულად დამფასებელ ქვეყანას, როგორიც დიდი ბრიტანეთი გახლავთ.

რუსებისგან განსხვავებით კიდევ უფრო მიმზიდველად და ცოცხლად შეიძლება გამოიყურებოდეს ჩვენი გამოფენა. ამის საუკეთესო შესაძლებლობას კი იძლევა ის ფაქტი, რომ მარჯანიშვილის „ურიელ  აკოსტა“ კვლავ ცოცხლობს სცენაზე და შესაძლებელია მისი ჩამოტანა ლონდონში. ამდენად, ცოცხალი სპექტაკლისა და იმ დროის სცენოგრაფიის ერთობლივი გამოფენა გაცილებით დასამახსოვრებელ და საგულისხმო არტეფაქტად გადაიქცევა.

აღნიშნული პროექტის განხორციელებას ლონდონში, მართალია, სერიოზული მომზადება და ხარჯებიც დასჭირდება, მაგრამ ეს ის შემთხვევა იქნება, როცა გაწეული შრომა ასმაგად ნაზღაურდება. საქართველოს, მისი კულტურული მემკვიდრეობის შესაბამისად გასაცნობად და დასაფასებლად მსგავსი პროექტები საუკეთესოდ მუშაობს. ამდენად, იმედს ვიტოვებთ, რომ დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად გამოუჩნდება ამ აზრს მიმდევრები და პრაქტიკულად სულის ჩამგდგმელნიც.

 

 



გიორგი ლალიაშვილი