გივი გაჩეჩილაძე – დღესაც ასე თანამედროვე! 2015-02-16 08:36:39


გივი გაჩეჩილაძის მიერ ინგლისურიდან თარგმნილ პოეზიასა და წიგნებზე თარგმანის თეორიაში თაობები არის გაზრდილი საქართველოში. ყველაზე ფასეული კი ის არის, რომ მისი მწერლური მემკვიდრეობა დღესაც ინარჩუნებს ღირებულებას, მას კვლავაც არ დაუკარგავს ის ძალმოსილება და მაცოცხლებელი ენერგია, რომელიც მხოლოდ ჭეშმარიტი ნიჭით მომადლებული პიროვნების დანატოვარს ახასიათებს.

გივი გაჩეჩილაძის სახელი მუდამ ხმიანებდა და ძვირფასი იყო ქართველი საზოგადოებისთვის. შარშან შესრულდა ასი წელი მისი დაბადებიდან. ჩვენ მას მხოლოდ თავისი წიგნებით ვიცნობდით და ვერ წარმოვიდგენდით, თურმე, რა მღელვარე და ტკივილიანი ბიოგრაფიის პატრონი ყოფილა იგი. ამას ალბათ ვერც ვერასოდეს შევიტყობდით, რომ არა მისი შვილის, რევაზ გაჩეჩილაძის ბიოგრაფიული ნარკვევი „გარდასულ დღეთა, კაცისა და პოეტის გამო...“ (თსუ გამომცემლობა, 2014).

აღნიშნული წიგნი სულმოუთქმელად იკითხება, რადგან იგი მეოცე საუკუნის საქართველოს არაერთ უცნობ და საგულისხმო ამბავს შეიცავს. ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის ბიოგრაფია, იგი მძაფრად შეგვაგრძნობინებს მთელი თაობის ბედისწერასა და ეპოქის სუნთქვას. ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებს უნიკალური ფოტომასალა, რომელიც წიგნშია ჩართული.

ამ წიგნის მკითხველი პირველად შეიტყობს გამოჩენილი მწერლის პიროვნულ და ყოფით მხარეებზე. იმ გარემოზე, რომელშიც იგი იზრდებოდა და ყალიბდებოდა როგორც სიტყვის ჭეშმარიტად მცოდნე და მესაიდუმლე. ქართული სოფელი და მისი ძარღვიანი მეტყველება იყო ის მთავარი ბალავარი, რასაც მომავალში დაემყარა გივი გაჩეჩილაძის სიტყვიერების ხელოვნება.

ასი წლის საიუბილეოდ გამოცემულ ნარკვევში პირველად ვუსინჯავთ ჭაშნიკს გივი გაჩეჩილაძის ორიგინალურ პოეზიას, რომელსაც თავის დროზე არქივში მიუჩინა ბინა თვით ავტორმა და რომ არა, მისი მეუღლის, ქალბატონ ირინე კანდელაკის სათუთი დამოკიდებულება ქმრის დანატოვრის მიმართ, შეიძლება იგი საერთოდ მიუწვდომელი გამხდარიყო.

გივი გაჩეჩილაძემ ორასამდე ლექსი დატოვა, რამდენიმე მათგანი, რომლებიც ამ ბიოგრაფიულ ნარკვევში მოხვდა, აშკარად მოწმობს მის მდიდარ პოეტურ წარმოსახვას და სალექსო ტექნიკის ოსტატურ ფლობას. ძალიან საშური იქნება ამ ლექსების ერთად შეკვრა და კრებულად დაბეჭდვა. მეოცე საუკუნის ოცდაათიანი–ორმოციანი წლების ქართული პოეტური მემკვიდრეობა კიდევ ერთ ახალ სახელს შეიმატებს. ლადო ასათიანის, ალექსანდრე საჯაიას, მირზა გელოვანის, კოტე ხიმშიაშვილის და სხვათა გვერდით კუთვნილ ადგილს დაიკავებს გივი გაჩეჩილაძის პოეზიაც.

რევაზ გაჩეჩილაძემ თავისი კვლევა–ძიებით ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტებს შესანიშნავი სამსახური გაუწია. მან სრულიად პარადოქსული ფაქტი წარმოაჩინა მამამისის შემთხვევაში. ამ წიგნით ფარდა აეხადა ათწლეულების განმავლობაში დაფარულ საიდუმლოს გივი გაჩეჩილაძის „მისტიფიკაციების“ შესახებ. მისი მთელი რიგი თარგმანები ინგლისურიდან, რომელიც მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების ქართულ ლიტერატურულ პრესაში იბეჭდებოდა, თურმე გივი გაჩეჩილაძის ორიგინალური პოეზია ყოფილა?!  

მათ დაბეჭდვაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იქნებოდა საბჭოთა ცენზურის პირობებში და მან ამ საკმაოდ სახიფათო ხერხს მიმართა. როგორც რევაზ გაჩეჩილაძე წერს: „ვფიქრობ, ის მართლაც სერიოზულად რისკავდა, როდესაც ჰყავდა ჩასაფრებული ოპონენტები, ლუპით რომ ათვალიერებდნენ მის თარგმანებს. მაგრამ გულს აძლევდა ის, რომ ინგლისური ენის მცოდნე მაშინ საქართველოში ცოტა იყო, მთავლიტში ხომ საერთოდ არ ეყოლებოდათ ასეთი; კრებულის „ინგლისელი პოეტები“– რედაქტორი კი ცნობილი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია იყო, რომელიც თარგმანის დედანთან შედარებაზე დროს არ დახარჯავდა!“

გივი გაჩეჩილაძის მრავალრიცხოვანი პოეტური თარგმანების სისავსე და სრულყოფილება მე მგონი, მაინც იმის შედეგია, რომ ის თავადაც პოეტი იყო. აკი, წერდა კიდეც: „პოეზიის თარგმნა მხოლოდ  პოეტს ძალუძს, რომელიც  საკუთარ ენაზე არსებითად ახალ სინამდვილეს ქმნის. ამ თვალსაზრისით, მთარგმნელი, რასაკვირველია, ორიგინალის ავტორის ერთგვარი მეტოქე ხდება!“ გივი გაჩეჩილაძე თავისი თარგმანებით სწორედაც რომ ეტოქება ინგლისელ პოეტებს და არასდროს პირშერცხვენილი არ გამოდის ამ ჭიდილიდან.

გივი გაჩეჩილაძე იყო თავისი დროის ღირსეული მოაზროვნე, უაღრესად პროგრესული ადამიანი, რომელიც იტანჯებოდა იმ უსამართლობითა და განუკითხაობით, რაც მის გარშემო ტრიალებდა. იგი შინაგანად მუდამ ეწინააღმდეგებოდა კომუნისტური რეჟიმის მიერ თავსმოხვეულ ყალბ ღირებულებებს. პირად ნაწერებსა და გამოსვლებში მას არაერთხელ უმხილებია ეს გამანადგურებელი რეალობა.

ამის საუკეთესო მაგალითად გამოდგება წიგნის ბოლოს დართული ორი ტექსტი. ერთი, 1950 წლის ბოლო დღეს დაწერილი და მეორე ოთარ იოსელიანის ფილმის ‘გიორგობისთვის“ განხილვაზე წარმოთქმული. იმხანად მსგავს საკითხებზე საუბარს ერიდებოდნენ და ეს დღევანდელი გადასახედიდან ჭეშმარიტ გმირობად უნდა შეფასდეს.

გივი გაჩეჩილაძის პიროვნული სიღრმე და პირუთვნელი ბუნება ნათლად ჩანს ამ ტექსტებიდან. მოვიტან ორიოდ ფრაგმენტს, რათა დავრწმუნდეთ, თუ რა ზედროულად ჟღერს მის მიერ იმხანად გამოთქმული აზრები:

„...ვიგრძენი, რომ მარადისობის წინაშე ათეული წლებიც კი არაფერია, რომ არ არის სხვაობა მათ შორის, ვინც ადრე მოკვდა და ვინც გვიან მოკვდება, ვინც სახელი გაითქვა და ვისაც არავინ იცნობდა, ვინც მაძღარი იყო და ვინც მშიერი, ვინც მანქანით დასრიალებდა და ვინც ფეხით დაჩანჩალებდა. და მე დავინახე, რომ ჭეშმარიტად ყოველივე არის ამაო და ეს მხოლოდ წიგნში კი არ წერია, არამედ ნამდვილია“.

„...ქართველებს ტრადიციულად არ გვიყვარს ჩვენი ეროვნული ხასიათის ნაკლზე ლაპარაკი: ამ ნაკლის მხილება, მისი გამოსწორების მიზნით წამოწყებული, ილიასაც კი არ ვაპატიეთ...

ერთადერთი ხსნა საკუთარი ნაკლის შეგნება და მისი გამოსწორებაა ზოგიერთი ტრადიციული, შეიძლება სისხლ–ხორცში გამჯდარი, თავისთავად მომხიბლავი, მაგრამ არსებითად მომაკვდინებელი თვისებებისგან. აი, იმ კრიტიკის ეროვნული ასპექტი, რომელიც ამ ფილმში დავინახე და დავუჭირე მხარი“.

„მე ვუყურებდი აწმყოს როგორგ შეცდომას და ბოროტებას“ ჩაუწერია 1973 წელს სასიკვდილო სენით შეპყრობილი მამისგან რევაზ გაჩეჩილაძეს.

„სხვაგვარად ახლა შემრცხვებოდა მასზე წერა“ – ეს რევაზ გაჩეჩილაძის სიტყვებია, ვისაც მამის მიერ ღირსეულად განვლილი გზა აძლევს ძალას შემოგვთავაზოს ასე ცოცხალი და სასარგებლო წიგნი, რომელიც თავისი გულწრფელობითა და წერის მაღალი კულტურით მკითხველის ყურადღებას და მადლიერებას დაიმსახურებს.

მადლობა უნდა ვუთხრათ რევაზ გაჩეჩილაძეს, ასერიგად დატვირთულ საზოგადო მოღვაწესა და მოქმედ დიპლომატს, ვინც უკიდურესი მოუცლელობის მიუხედავად, დაჯდა ამ წიგნის დასაწერად. მასზე უკეთ ამას მართლაც ვერავინ გააკეთებდა. წინამდებარე წიგნით, რევაზ გაჩეჩილაძე არა მარტო ასი წლის მამის ხსოვნას მიაგებს პატივს, არამედ ხელახლა მიგვაპყრობინებს მზერას თავისი სამშობლოს სიყვარულით გულშეძრული კაცისა და პოეტისაკენ, ვინც ყავლგაუსვლელი და პირნათელი დგას შთამომავლობის წინაშე.

 



გიორგი ლალიაშვილი